საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით.
"როგორ უნდა გაკეთდეს ეს? მინდა გითხრათ, რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, პროკურატურასთან დაკავშირებითაც სწორი პასუხების მოძიება შეიძლება კოალიცია ,,ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში. საჭირო იყო მათი დროული განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოხსნას პოლიტიზაციასთან დაკავშირებული კითხვები", _ აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უნდა განისაზღვროს პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი, მისი ადგილი სახელისუფლებო სტრუქტურაში და ამის შემდეგ, უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები.
"ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სათანადო შედეგების მისაღწევად რეფორმას აუცილებლად თან უნდა ახლდეს სწორი საკადრო პოლიტიკა. უმწიკვლო წარსულისა და მაღალი პროფესიული უნარების მქონე ადამიანების დანიშვნა რიგით პროკურორებად თუ მათ ხელძღვანელებად.
სწორედ მაღალპროფესიონალი პროკურორების მიერ გამოძიებული საქმეები დროულად და კვალიფიციურად უნდა იგზავნებოდეს სასამართლოში რათა გამოირიცხოს კითხვები თვეობით გაწელილი საგამოძიებო პროცესების შესახებ", _ განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა.