ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და დეპუტატებს, ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, ამ იდეის მხარდაჭერა სთხოვა.
„მსურს, შევჩერდე კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმწვავით შეგვეხო. მხედველობაში მაქვს 2014 წელს შემაშფოთებელი მასშტაბითა და სისასტიკით გამოვლენილი ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. ჩვენ, ყველამ ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამედროვეობას და მომავალს. ვფიქრობ, ამ მიზნის მისაღწევად არსებითი როლი უნდა ითმაშოს ქალთა როლის წინ წამოწევამ განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდამ. სწორედ ამ სულისკვეთებით, გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად. ამ სულისკვეთებითვე აქ, ამ დარბაზში, სადაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის- ქალთა წარმომადგენლობა გაუმართლებლად დაბალია. ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში და ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ ყველას“, _განაცხადა მარგველაშვილმა.