ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„შარშან პარლამენტმა გაიზიარა ჩემი ხედვა და ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა. მთავრობასთან ერთად მასში ახლა პარლამენტიცაა სათანადოდ წარმოდგენილი. ამდენად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სახით პრეზიდენტთან ჩამოყალიბდა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შემმუშავებელი ინსტიტუტი. სამწუხაროა, რომ ამ კონსტიტუციური ორგანოს სისტემატური მუშაობა ხელოვნური ხასიათის დაბრკოლებებს აწყდება. ეს ამცირებს შესაბამის სფეროში სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის ხარისხს და გაუგებრობას იწვევს ჩვენს პარტნიორებში. დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია, პარლამენტთაშორის კავშირებს და თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებს შეუძლია ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება“, _აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.