ცნობილი სპორტსმენი ჯუმბერ ლეჟავა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ნაბეღლავისა და გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სტუმრობდა. იგი მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების შესახებ ესაუბრა: _ სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვიყავი, განსაკუთრებით მიყვარდა ბიოლოგია, შემდგომ იყო სტუდენტობის წლები, უდიდესი ძალისხმევა და მიზანდასახულობა. ვმუშაობდი სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში, ვარ 24 შრომის ავტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. შემდეგ მქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა. ჩემს გადარჩენას არავინ ფიქრობდა, მაგრამ გადავრჩი და გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის თავად მემკურნალა და დავიწყე ვარჯიში, ველოსიპედით სიარული. 5 წელიწადში რეკორდსმენი გავხდი, რამდენჯერმე მოვიარე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.
შემდეგ უფრო რთული პროგრამა შევიმუშავეთ მე და ჩემმა მეგობარმა, აწ გარდაცვლილმა ჟიული შარტავამ და მსოფლიოს ირგვლივ დავიწყე მოგზაურობა, რომელიც ჩემი ნაადრევად გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მივუძღვენი. 240 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ეს არ იყო ადვილი საქმე _ ჯუნგლები, უდაბნო, გაუსაძლისი ყინვები, სიცხეები და მაინც მიზნის მიღწევა, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. ჩემი სახელი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შეტანილი.
ახლა წიგნების გამოშვებაზე ვმუშაობ. შედგენილი მაქვს იმ ქვეყნების რუკები, სადაც ვყოფილვარ და ამის თითოეულ ეგზემპლარს თქვენ გაჩუქებთ.
დაბოლოს, მინდა გირჩიოთ, რომ ბევრი ისწავლოთ, დაეუფლოთ ინგლისურ და რუსულ ენებს. ჩვენ რუსეთთან აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ, ის არის ჩვენი უახლოესი მეზობელი. დღეს არსებული განაწყენება დროებითია, წლები ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და რაც მთავარია, დაეუფლეთ სპორტს, რადგან ჯანსაღ აზროვნებას ჯანსაღი ორგანიზმი სჭირდება, _ უთხრა მოსწავლეებს ლეჟავამ.