პრეზიდენტმა პარლამენტში საქართველოს საგარეო კურსზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ამ მხრივ აუცილებელია.
„ხაზგასმით აღვნიშნო საგარეო საქმეთა სამინისტრო როლი. მას კანონმდებლობით ევალება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. ამ ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიაობის განხორციელებას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ, ფუნქციათა დუბლირება ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებში. მაგალითად: ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი ზუსტად არ არის განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ასევე აუცილებელია მის ქმედებათა სრული ინტეგრაცია ერთიან საგარეო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.