საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს არც საზოგადოება უჭერს მხარს და არც საერთაშორისო ორგანიზაციები.
როგორც დღეს გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, მას აინტერესებს, რამ გააერთიანა საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, როდესაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ჩააგდეს.
"სწორედ ამ საკითხზე გამოვიყენე პირველად ვეტოს უფლება. გასულ წლებში ფარული მიყურადების და მოსმენის მწარე საფუძვლები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავის თავზე იწვნია. არავის სურს ამ ვითარების თავის თავზე გამეორება. მაშ, რა ინტერესმა გააერთიანა პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ჩემს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ჩასაგდებად და რეალურად ისეთი კანონის მისაღებად, რომელსაც მხარს არ უჭერს არც საზოგადოება და არც საერთაშორისო ორგანიზაციები?" _ განაცხადა მარგველაშვილმა.