85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია „ელბიტი" ერთობლივად განახორციელებენ.
პროექტის დეტალები „ელბიტის" წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
პროექტის განხორციელება 3 თვეში დაიწყება და საქართველოს 300-მდე მოქალაქეს დაასაქმებს. საწარმოში მუშაობისთვის საჭირო გამოცდილების შეძენაში მათ კომპანია „ელბიტის" კვალიფიციური პერსონალი დაეხმარება.
ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2 წლის შემდეგ წარადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში გეგმავენ სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება.
კომპანია "ელბიტის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, იაკობ გადო დარწმუნებულია, რომ საწარმო, მსოფლიოში, ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმატებული იქნება.