გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოთქვა სურვილი, 10 მაისს ჩავიდეს მოსკოვში და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავის ღონისძიებაზე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე თაიგული დადოს, _ იუწყება "РИА Новости" რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"გერმანიის კანცლერმა მართლაც გამოთქვა 10 მაისს მოსკოვში ჩამოსვლის სურვილი, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავზე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე თაიგული დადოს. პრეზიდენტი პუტინი მიესალმა კანცლერის ამ გადაწყვეტილება. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი შედგება," _ თქვა პესკოვმა.
თავის მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მერკელის ეს გადაწყვეტილება "პოლიტიკურ ეშმაკობად" შეაფასა: მერკელს უნდა, რომ მეტი დრო გაატაროს რუსეთის პრეზიდენტთან _ ზემანის ეს სიტყვები "უკრინფორმმა" გაავრცელა.
"გარწმუნებთ, რომ იმ დღეს არც ერთი სტუმარი არ გამართავს მოლაპარაკებებს პუტინთან. საუკეთესო შემთხვევაში, ხელის ჩამორთმევით დაკმაყოფილდებიან", _ ამტკიცებს ჩეხეთის პრეზიდენტი.
თავად ზემანმა დაადასტურა, რომ დააკვირდება სამხედრო აღლუმს მოსკოვში. მან მადლობა გადაუხადა საბჭოთა კავშირს იმისთვის, რომ დღეს ჩეხები "არ ლაპარაკობენ გერმანულად და არ ყვირიან _ "ჰაილ ჰიტლერ!"
ჩეხეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ჩეხოსლოვაკიის ფაშისტებისგან გათავისუფლების დროს 150 000 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთა ხსოვნასაც ის ყოველთვის მიაგებს პატივს.