შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ აკეთებენ განმარტებას იყო თუ არა ნასვამი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თემურ ჩხაიძე, როდესაც საკუთარი ავტომობილით ფეხით მოსიარულეს შეეჯახა:
_ მხოლოდ ის შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 276-ე მუხლით ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა), _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში, სადაც არ დაგვიკონრეტეს ჩაუტარდა თუ არა ალკოტესტი პარლამენტის დეპუტატს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შებინდებისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ქვეითად მოსიარულე ზვიად ჯინჭარაძეს "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც, როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს პარლამენტის დეპუტატი, უმრავლესობის წევრი და ლანჩხუთის მაჟორიტარი, თემურ ჩხაიძე მართავდა.
მათივე თქმით, დეპუტატი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თემურ ჩხაიძეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. მას ტელეფონი გამორთული აქვს.
კომენტარს არ აკეთებენ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ახლობლებიც. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, მას დეპუტატი არ უნახავს და არც მომხდარის შესახებ ფლობს ინფორმაციას.
რაც შეეხება დაზარალებულს, როგორც გვითხრეს ის ამჟამად სახლში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.