აშშ-ს 13 სენატორმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მოუწოდებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) უარი უთხრას რუსეთს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე _ ამ აკრძალვის მოტივად სენატორები ასახელებენ იმას, რომ ეს ჩემიონატი რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პრესტიჟს აამაღლებს.
ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის სახელზე მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ „მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება ნიშნავს პუტინის რეჟიმის ამაღლებას მაშინ, როცა ეს რეჟიმი უნდა დაიგმოს; აგრეთვე, ეს ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკურ დახმარებას მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.“
ამერიკელი სენატორების აზრით, ფიფამ უნდა მოიწვიოს რიგგარეშე კონგრესი და განიხილოს რუსეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატის აკრძალვის საკითხი. გარდა ამისა, პოლიტიკოსებმა გააფრთხილეს ბლატერი, რომ კონგრესის მოწვევაზე უარის თქმა მათთვის მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ წერილს ხელს აწერენ გავლენიანი კონგრესმენები _ ჯონ მაკკეინი, რიჩარდ დურბინი, მარკო რუბიო და სხვები, ფიფამ მათი ინიციატივა არ დააკმაყოფილა.
როგორც ფიფას დირექტორმა კომუნიკაციების საკითხში დელია ფიშერმა განაცხადა, „სპორტული შეჯიბრებების ბოიკოტი ან იზოლაციის პოლიტიკა და კონფრონტაცია პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური საშუალება არ არის.“
ფიშერის თქმით, ასეთი მარალი დონის ტურნირი შეიძლება გახდეს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა.