დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა პარლამენტის დადგენილებას კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების არჩევის თობაზე, რომლის შესაბამისად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ გია ჟორჟოლიანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ თამაზ მეჭიაური, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ თეიმურაზ ჭკუასელი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ თინათინ ხიდაშელი აირჩია.
შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობებზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრები იყვნენ, რომლებმაც პოსტებზე უარი 23 თებერვალს თქვეს
ვიქტორ დოლიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობაზე, დავით ონოფრიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, ხოლო გია ცაგარეიშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელობაზე.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ჩვენს მიერ პარლამენტში დაკავებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვაიძულოთ ხელისუფლება, სასწრაფოდ გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით" , _ ასეთი განცხადებით დატოვეს "თავისუფალმა დემოკრატებმა" თანამდებობები, რომელსაც წინ უსწრებდა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გამოწვევის თაობაზე.