(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დავით კვირკველია შვებულებას მშობლიურ ლანჩხუთში ატარებს. იგი, ტრადიციულად, ნადირობით ერთობა. გუშინ ნახევრად სპორტულ და ნახევრად სანადირო ფორმაში გამოწყობილი კვირკველია სწორედ ტყიდან მომავალი ვნახეთ, როცა ეროვნული ნაკრების ყოფილ მობურთალთან და ახლა “გურიის” მთავარ მწვრთნელთან გია ჩხაიძესთან “სანადირო ამბებს” არჩევდა. ცნობილი ფაქტია, რომ ჩხაიძე განთქმული მონადირეა და სწორედ მისი დამსახურება იყო, თავის დროზე, თანანაკრებელი ზაზა ჯანაშიაც ნადირობით რომ “მოიწამლა”. თქვენი მონა-მორჩილი წლების წინ თავად შეესწრო, ჩხაიძე-ჯანაშიამ და მაშინ ასევე ეროვნული გუნდის მცველმა, გოჩა გუჯაბიძემ კალამუნას ტყეში მწყრებს მუსრი რომ გაავლეს. როგორც გიალო ჩხაიძემ გვითხრა, ზოგჯერ თოფის გაუსროლელად, მხოლოდ ფანრის მინათებითა და ჯოხით ერთ ჯერზე 100-120-ზე მეტი მწყერი “ჩამოუგდია”.
თავის მხრივ, ზამთრის შესვენებას არც კვირკველია ტოვებს, გურიის ტყეებში რომ არ მოინადიროს. გუშინ იგი ამ სეზონში სანადიროდ პირველად იმყოფებოდა და სავარაუდოდ, საკლუბო შეკრებამდე მინიმუმ ათჯერ მაინც მოასწრებს იგივეს გაკეთებას. დათომ გუშინ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ნადირობის ტრფიალია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved