პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში საქმიანობის წყვეტს, რადგან "ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისთვის", რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადებით უპასუხეს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა:
_ მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 31 მარტს, ჩვენ წერილობით მივმართეთ პარტია ”თავისუფალ დემოკრატებს” პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც მივიღეთ პარტიის გუშინდელი განცხადება.
მოგასენებთ, რომ გზა, რომელიც ”თავისუფალმა დემოკრატებმა” ერთად გავიარეთ, იყო საკმაოდ რთული და მძიმე. იყო ბრძოლა ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, მის დამარცხებაში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ.
ერთად, მივაღწიეთ ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და გვინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარეთ დიდი მადლობა გადავუხადოთ, თუმცა ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და ჩვენს შორის თანხვედრა არ იყო, რაც გვინდა ავღნიშნოთ, ჩვენი შიდა და პირადი საკითხია.
ვთვლით, რომ საკრებულოში ჩვენი ფრაქციის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება, იყო გააზრებული, ობიექტური და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული.
გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე საკრებულოში მუშაობა განვაგრძოთ როგორც დამოუკიდებელმა ფრაქციამ. ვიყოთ თავისუფალნი პარტიული ვალდებულებებისაგან, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია, _ აღნიშნულია განცხადებაში.