ქალაქ ოზურგეთში გელა ჟორდანიას და მარინა ორაგველიძის ოჯახი, ადგილობრივ ხელისუფლებასგან დახმარებას ითხოვენ.
გელა ჟორდანიას თქმით, გენიჩესკის ქუჩაზე მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და სანიაღვრე არხები, რის გამოც მისი საკარმიდამო ეზო წვიმიან ამინდში იტბორება.
"წყალს არ აქვს არსად გასასვლელი, რადგან არხი, სადაც წყალი უნდა გადიოდეს გაუჭრელი და მოუწერსიგებელია. ამას ემატება საკანალიზაციო სისტემის პრობლემა და ჩემს საცხოვრებელ კარმიდამოში საშინელი მდგომარეობაა როცა წვიმს.
ეს არ არის ახალი პრობლემა, უკვე რამდენიმე წელია ასე ვართ და არავინ გვაქცევს ყურადღება. ამ დღეებში გამოვიძახეთ სამაშველო სამსახურის ბრიგადა, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ეზოში წყალი მაინც იდგა. 25 დღეზე მეტია დავწერეთ განცხადება ქალაქ ოზურგეთის მერის სახელზე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ორი-სამი წელია ვერც პომიდორი და ვერც კიტრი ვერ დავრგეთ, რადგან აზრი არ აქვს, გაწვიმდება და ტბა დგება.
რაც შეეხება ზაფხულს, ამ სეზონზე გენიჩესკის ქუჩაზე ანტისანიტარიაა, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?!" – გვითხრა გელა ჟორდანიამ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამ საკითხთან დაკავშირებით გვიპასუხეს: "მარინა ორაგველიძემ მართლაც შემოიტანა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება საკარმიდამო ნაკვეთისა და საინიაღვრე არხების პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება."