ფოტოები ირანის წმინდა სალოცავებიდან – ცხოვრება ლოცვით და რწმენით. "გურია ნიუსი" ირანიდან ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ. ფოტოები ქალაქ ყუმსა და ისპაჰანშია გადაღებული.
ყუმი შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთ უწმინდეს ქალაქად მიიჩნევა, სადაც მუჰამედ წინასწარმეტყველის შთამომავალ, ფატიმა ალ-მასუმას (მე-8 იმამ ალი იბნ მუსა რიდას და, და ასევე, მე-7 იმამ მუსა ალ-ჰადიმის ქალიშვილი) წმინდა სალოცავი მდებარეობს.
ფატიმა ალ-მასუმა (უცოდველი, უმანკო – ამ სახელით იხსენიებდა მას მისი ძმა, იმამ ალი) შიიტების ერთ-ერთი წმინდანი ქალია. მუსლიმებს სწამთ, რომ ფატიმას სახელობის წმინდა სალოცავს სასწაულმოქმედი ძალა გააჩნია. ის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია როგორც შიიტი ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.
ყუმში ასევე, მნიშვნელოვან სალოცავადაა მიჩნეული ჯამკარანის მეჩეთი, რომელიც ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
რაც შეეხება ფოტოებს ისპაჰანიდან, მათი უმრავლესობა ნახშ-ე ჯაჰანის მოედანზე (მას იმამის მოედანს ან შაჰის მოედანსაც უწოდებენ) არის გადაღებული. სკვერი და მასზე განთავსებული მეჩეთები 1598-1629 წლებშია აშენებული. მოედნის სამხრეთ ნაწილში იმამის მეჩეთი, აღმოსავლეთით კი, შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი მდებარეობს.