საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციის თანამშრომლის, ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას", – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი გუშინვე საავადმყოფოში გარდაიცვალა.