თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე წიწვოვანი ტუიას 300-ზე მეტი ნერგი დარგეს. მსგავსი გამწვანების აქცია გასულ წელს ზოოპარკში პირველად ჩატარდა, რომელიც ზოოპარკის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავდა მიზნად. აქციის მონაწილეების დახმარებით ტერიტორიაზე ტუიას 1300-მდე ნერგი დაირგო.
წლევანდელი აქციის მიზანი უკვე არსებული ნარგავების ხაზის მეტად დაგრძელება და გზატკეცილის მომიჯნავე ტერიტორიის სრული შემოსაზღვრაა. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რამდენიმე წელიწადში ეს ცოცხალი ღობე ბუნებრივ, ლამაზ ბარიერს შექმნის ზოოპარკსა და ავტომაგისტრალს შორის და ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისა და ხმაურისაგან.
"ზოოპარკის გამწვანების აქცია უპირველეს ყოვლისა სოციალური აქტივობაა, რომელიც ტრადიციად ვაქციეთ და ამ ტრადიციას წელსაც ვაგრძელებთ.
ამ აქციის მიზანი, ზოოპარკის გამწვანებასთან ერთად, საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის წახალისებაა. გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ზოოპარკის ცხოვრებაში.
თავისი უშუალო ფუნქციისა და დანიშნულების გარდა, თბილისის ზოოპარკი ჩვენი დედაქალაქის შუაგულში მდებარე რეკრეაციული ზონაა. ამ პარკის შენარჩუნება და მის გამწვანებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და გვეხმარება ამ სასარგებლო პროექტის განხორციელებაში",_ განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.
გამწვანების აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს. აქციაში მონაწილეობა, ნერგების დარგვამდე, პირველ რიგში, მათ შეძენას გულისხმობდა. თითო ნერგი 7 ლარი ღირდა.