10 წლის ლუკა მოისწრაფიშვლის ისტორია უკვე მთელმა საქართველომ გაიგო, თუმცა რეალობა გაცილებით სხვანაირია, ვიდრე მედია აღწერს.
საქმე იმაშია, რომ ლუკა მოისწრაფიშვილის ოჯახი სოციალური დახმარების მიმღებია, ამავდროულად, ამ ოჯახს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წელს სამასი ლარის დახმარება გაეწია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, მან ოჯახის მამას სამსახური შესთავაზა, თუმცა მისმა მეუღლემ, მიზეზით, ჯანმრთელობა არ უწყობს ხელსო, ქმრის დასაქმებაზე უარი თქვა.
ამავე დროს, ოჯახმა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ასევე მიიღო შეთვაზება ჩართულიყო ქირავნობის პროგრამაში, რაზედაც დედამ ასევე უარი განაცხადა.
გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის, მარინა კეიდიას თქმით, ოჯახს მართლაც გაეწია ერთჯერადი სოციალური დახმარება. რაც შეეხება ეტლს, მას პატარა ბესო აუცილებლად მიიღებს.
სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის, მაკა გოგიჩაიშვილის თქმით, ოჯახი ასევე ჩართულია კრიზისული ოჯახების დახმარების პროგრამაში და მას გადაეცემა ტექნიკა:
_ რაც შეეხება ეტლს, დედამ განცხადება უნდა დაწეროს საავადმყოფოში, სადაც შესაბამის ცნობას მისცემენ. ეს ქალბატონი ამბობს, რომ ფული მოსთხოვეს ცნობის ასაღებად, რაც ტყუილია. ჯერ ერთი, აღნიშნული ფორმის გაცემა უფასოა და ასეც რომ არ იყოს, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მისთვის მაინც უფასო იქნებოდა, _ გვითხრა მაკა გოგიჩაიშვილმა.
ლუკას ოჯახის თაობაზე საქმის კურსშია ლანჩხუთის რესურს-ცენტრის უფროსი, ნინო ჩიტაძეც:
_ ბავშვს აქვს მეორადი ეტლი, თუმცა ვერ სარგებლობს მისით. ოღონდ სკოლაში რომ იაროს ამ ეტლით, პრობლემა არაა. თან მას ტრანსპორტიც მიაკითხავს და მოიყვანს სკოლაში (ბესო პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა), მაგრამ აქ არის მშობლის პრობლემა, დედას არ უნდა ბავშვი სკოლაში ატაროს. როგორც გვითხრა, მუშაობს და მთელი დღე სკოლაში ბავშვთან ვერ გაჩერდება. მოგეხსენებათ, ბესო ინკლუზიურ სწავლებაშია ჩართული, მაგრამ ამ პროგრამის პედაგოგებს ძიძობა ნამდვილად არ ევალებათ, ამაზე მშობელმა უნდა იზრუნოს. პირველი საჯარო სკოლა მზადაა ბესოს ახალი ეტლი შეუძინოს, მაგრამ იმის გარანტია, რომ დედა მას სკოლაში ატარებს, არ გვაქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბესოსთან კვირაში ორჯერ დადის პედაგოგი, _ გვითხრა ნინო ჩიტაძემ.
ლანჩხუთის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თინათინ გოგუაძის თქმით კი, ლუკას დედამ განცხადება ეტლის მიღების თაობაზე უკვე დაწერა:
_ მე დავიბარე ბავშვების დედა, ხუთშაბათს უკვე დაწერა განცხადება, მასზე გაიცა ყველა სათანადო ცნობა და საბუთი, რაც საჭიროა ეტლის მისაღებად და ეტლს ოჯახი აუცილებლად მიიღებს, _აღნიშნა თინათინ გოგუაძემ.
ამავდროულად, ოჯახი ჩაერთვება უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის პროგრამაშიც და ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით.
პ.ს.აქვე აღვნიშნავთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე დაუკავშირდა პროდიუსერს და გადაცემაში ჩართვა სთხოვა, თუმცა მას აუხსნეს, რომ სარეკლამო რეგულაციების გამო დროში შეზღუდულები იყვნენ. გამგებლის თქმით, "პოსკრიპტუმის" პროდიუსერი დაპირდა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მის ვრცელ კომენტარს მაყურებელს აუცილებლად შესთავაზებს.
(R)