ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შაბათს, გვიან ღამით, რესტორან “ბაბუნაში” ქეიფის შემდეგ ლანჩხუთელმა პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
იმ დღეს, ლანჩხუთში, პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა, რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა. მან შენობა მოსწავლეებთან ერთად გახსნა, შემდეგ ის და უფროსკლასელები რესტორან “ბაბუნაში” ბანკეტზე მივიდნენ, სადაც მინისტრი მხოლოდ ნახევარი საათის მანძილზე დარჩა.
როგორც ჩანს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ქეიფი განაგრძეს და გვარიანადაც შეზარხოშდნენ. არავინ იცის, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, როგორც წყარომ გვაცნობა, ადგილობრივი პოლიციის ორმა ცნობილმა სახემ “ბაბუნადან” გამოსვლის შემდეგ პოლიციის აწ უკვე ყოფილი შენობის გვერდით, “ტაოპრივატბანკის” უკანა მხარეს ერთმანეთს “საქმის გარჩევა” დაუწყეს. როგორც წყარო ამბობს, მათ ერთმანეთი დაუნდობლად სცემეს და ამის ნაკვალევი მეორე დღეს თურმე ორივეს ემჩნეოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი შემდეგ დღეებში სამსახურში არ გამოჩენილან. არ არის გამორიცხული, მოჩხუბარი პოლიციელები სამსახურიდანაც დაითხოვონ.
ჩვენი წყაროს კიდევ ერთი ინფორმაციით, იმავე ღამეს, კონფლიქტი “ახალგაზრდულ ფრთას” შორისაც მოხდა, ოღონდ დეტალები არ ვრცელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბაბუნაშივე” ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “ჰალსტუხით ითრია თანამშრომელი”.
ჩვენ კომენტარისთვის შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ზურა გვენეტაძეს დავუკავშირდით:
_ ბატონო ზურა, ლანჩხუთიდან გაწუხებთ, ერთი ინფორმაციის გადამოწმება გვინდა…
_ დიახ, გისმენთ.
_ შაბათს, ლანჩხუთის პოლიციის შენობის გახსნის აღსანიშნავი საზეიმო ბანკეტის შემდეგ, პოლიციელებს უჩხუბიათ და არსებული ინფორმაციით, ისინი სამსახურიდანაც დაითხოვეს…
_ არ არის მართალი, ტყუილია. პირველად მესმის, _ გვითხრა შსს-ს პრესშეფმა და ტელეფონი გაგვითიშა.