საქართველოს პარლამენტის უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის მისვლას ითხოვს.
როგორც უმცირესობის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, სუბარის უწყების მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.
„მოგეხსენებათ 2008 წელს გამოიყო თანხა, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილებისთვის ბინების უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი გაწერილი იყო წლების მანძილზე და მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი ამ ბინებში დევნილების შესახლება. პროცესის დაწყებისთანავე გაჩნდა უკმაყოფილება დევნილებს შორის, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ფართების გადაცემა ხდებოდა შერჩევით.
დევნილები ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას, თუმცა სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ამის გამო მათ მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას. 6-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ფოთიდან გამოემართნენ ფეხით და 360 კილომეტრის გავლის შემდეგ, პროტესტანტების ნაწილი დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართებით.
ერთ-ერთმა მოიგო პროცესი სასამართლოს გზით და ეს ოჯახი ჯერ არ გახლავთ ბინით უზრუნველყოფილი. მე ვახლდი სამინისტროში კონჯარიების ოჯახს, რომლებიც უშედეგოდ ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას. ქალბატონმა თავის სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად დაიკავა თავისუფალი საცხოვრებელი ფართი, საიდანაც ისინი აღსრულების სამსახურმა გამოასახლა და დღეს ეს ოჯახი დღემდე ცხოვრობს კიბის უჯრედში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ პრობლემა არის ძალიან მძიმე და საგანგაშო, ვინაიდან პროცესი არის დაუსრულებელი, ხოლო ფართები აუთვისებელი.
ისინი ვერ წყვეტენ რა კრიტერიუმებით უნდა დააკმაყოფილონ დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ დავიბაროთ მინისტრი საქართველოს პარლამენტში, რათა მან საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დაგროვდა ამ თემის ირგვლივ. სასურველი იქნება ამ სხდომას დაესწრონ ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ პრეტენზიები ბატონ სოზარ სუბართან და მის ქვემდებარე უწყებასთან“, _ აცხადებს ხერხეულიძე.