"მინდა, ყველას მოვუწოდო, ვთხოვო პოლიტიკოსებს, რომ ბიზნესს მიეცეთ საშუალება საქართველოში საქმის კეთების. იმიტომ რომ ეს ფონი არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ამ ფონზე არ ვითარდება არათუ ბიზნესი, ყვავილიც კი დაჭკნება" _ ეს განცხადება TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში გააკეთა.
ხაზარაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც არ არის გამორიცხული მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე მამუკა ხაზარაძის ლიკვიდაციას გეგმავდეს (აბულაძე ხაზარაძეს "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან დიდი ხნის მანძილზე უპირისპირდებოდა), TBC ბანკის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომარანაირი დამატებითი ზომების მიღებას არ აპირებს:
_ ეს მოწოდებები მიუთითებს ქვეყნის მდგომარეობაზე. ტელევიზორით რომ მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ანუ ვერ ვართ მთლად კარგ მდგომარეობაში. არანაირი დამატებითი ზომების მიღებას არ ვაპირებ, ამ მდგომარეობიდანაც გამოვა ეს ქვეყანა.
შევუერთდები იმ განცხადებებს, რომ ბრალდებული დარჩეს ცოცხალი და აგოს პასუხი კანონის წინაშე, _ აღნიშნა ხაზარაძემ და "არჩევანის" სტუდიაში მყოფ დეპუტატებს _ მანანა კობახიძეს და პავლე კუბლაშვილს მიმართა:
_ ნამდვილად ვერ ვგრძნობთ ჩვენ თავს დაცულად. არ იგულისხმება აქ უკვე კრიმინალური სიტუაცია, არამედ, თვითონ ის ფონი, რომელიც შეიქმნა… როცა ადამიანებს შეუძლიათ, კალმითაც და სიტყვითაც გაილაშქრონ და პასუხი არ მოეთხოვოთ, ეს დაუცველობაა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.
იმიტომ, რომ ღირსება არის ის უპირველესი რამ, რომელიც უნდა იქნას დაცული კანონმდებლობით. დღევანდელი კანონმდებლობა კი, სამწუხაროდ, არ იცავს ადამიანის ღირსებას ცრუ ბრალდებებისგან.
"არ შეიძლება, ერთი წელი ამტკიცო სასამართლოში ის, რაც არ გაგიკეთებია, შემდეგ მოიგო სასამართლო და იმ სუბიექტმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ცილს გწამებდა და რომელმაც წააგო სასამართლო, გააგრძელოს აღვირახსნილი კამპანია, _ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.