კამპანიამ "ეს შენ გეხება" ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სარჩელი მომზადდა კოალიციურად "ეს შენ გეხება"-ში შემავალი ორგანიზაციების მიერ.
"სარჩელის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიღებულ იქნა 2014 წელს და რომლითაც დაკანონდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სისტემა არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან, ვინაიდან კონსტიტუცია გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ხოლო ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ამ სტანდარტს დაბლა სწევს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, საკონსტიტუციო სასამართლოა. სარჩელი უკვე გადაგზავნილია. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას, ადვოკატირებას საიმისოდ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკა იყოს სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და ევროპულ სტანდარტებთან", – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კამპანია "ეს შენ გეხება"-ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები შს სამინისტროში არ უნდა დარჩეს. ამ აზრს იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე "თავისუფალი დემოკრატები".