თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში მერიის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ საკრებულოს დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა თბილისის მერიის მიერ, ბოლო 8 თვის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.
დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი სრულფასოვნად შესრულდა. თბილისის მერის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტი თბილისელების ინტერესების შესაბამისად, პროგრამული ფორმით დაიგეგმა. დედაქალაქის მერმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 300 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის გზას.
გარდა ამისა, ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, რომლის ჯამური ღირებულება 10 მლნ ლარზე მეტია. „როგორც საუბნო-რაიონული, ასევე საქალაქო მნიშვნელობის გზები იგება და რემონტდება მაღალი ხარისხით და სისწრაფით. მხოლოდ 2014 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე 25 მლნ ლარის ღირებულების საგზაო პროექტები განხორციელდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის თქმით, შენდება ახალი და რემონტდება არსებული სპორტული მოედნები. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეზოების კეთილმოწყობა, იქმნება საზოგადოებრივი სივრცეები.