ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე სოფელ მთისპირში 27 წლის თამუნა შავაძის ესტუმრა. თამუნას შესახებ “გურია ნიუსი“ ხშირად წერდა და მას სამედიცინო დახმარებას ჭირდება.
სოფელ მთისპირში მცხოვრებ 27 წლის თამუნას 11 წლის წინ, საკუთარ ეზოში ხე დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა. პარალიზებული ჰქონდა ოთხივე კიდური. ამ ეტაპზე ყოველთვიური მკურნალობა და სარეაბილიტიაციო კურსები ესაჭიროება.
"ბოლო ოპერაცია ერთი თვის წინ გავიკეთე, ღეროვანი უჯრედები გადამინერგეს. ექიმები ამბობენ, რომ კარგი შედეგი მაქვს. ჩემი გამოჯანმრთელება შესაძლებელია, თუკი, მკურნალობის კურსებს უსახსრობის გამო არ ჩავაგდებ. ოჯახმა ჩემი მკურნალობისთვის უკვე ყველა რესურსი ამოწურა და დღემდე კეთილი ადამიანების დახმარების მოლოდინში ვარ.“ – ამბობს თამუნა.
მერაბ ჭანუყვაძე თამუნა შავაძესთან გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან, ნატალია ხომერიკთან და ინტერნეტპროვაიდერ „ეარნეტის“ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა.
„გადავწყვიტეთ თამუნას სახლში ანტენა დავუმონტაჟოთ, რათა მუდმივი წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან. მისი პრობლემა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ჩვეულებრივი ურთიერთობების დეფიციტიცაა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკომუნიკაციო პირობები შევუქმნათ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი მას სოციალური პროგრამით ყოველთვიურ დახმარებასაც გაუწევს“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.