"არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ" ასევე "საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ" საკითხებზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ორი სამუშაო ჯგუფის წევრებმა საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
დეპუტატებს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურის "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების" ახლად შექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ირაკლი ნადარეიშვილმა დეპუტატების კონკრეტულ კითხვებს უპასუხა.
"სამართლიანობის აღდგენის და მოქალაქეებისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესში პროკურატურას აკისრია თავისი ფუნქცია, რაც გამომდინარეობს დეპარტამენტის დებულებიდან, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობიდან. კერძოდ ახლადშექმნილმა დეპარტამენტმა ჩატარებული გამოძიებით უნდა დაადგინოს ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებს, მათ შორის წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", _ განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ და საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ კომიტეტში შემოსული განცხადებების რაოდენობის და მათი დამუშავების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა რომ მუშაობის პროცესში არაა გამორიცხული დადგეს აუცილებლობა რომ გარკვეული ცვლილებები განიცადოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლმა, რომელიც ეხება კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის სამართლებრივ საფუძვლებს.
"სამუშაო ჯგუფების ამ ფორმატში შეხვედრა პროკურატურის სპეციალურ დეპარტამენტთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, კოორდინაციის გაუმჯობესებას და საზოგადოების თხოვნის – საბოლოო მიზნის სწრაფ ვადებში მიღწევას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
"არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ" ასევე "საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ" სამუშაო ჯგუფები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 10 თებერვალს შეიქმნა.