ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერი, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც მემორიალი ყვავილებით შეამკო.
"26 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს დღე იქცა მართლაც ტრაგედიად, მაგრამ ამავე დროს ეს დღე არის სიმბოლო ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისთვის ბრძოლის. ამ ადამიანებმა, რომლებმაც გამოიჩინეს სასწაული თავგანწირვა და გმირობა, ჩვენ მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ შევწიროთ თავი სამშობლოს და როგორ დავიხარჯოთ ბოლომდე. ამ იდეამ, ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის თავზე სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ასე რომ, ეს არის ჩვენი ერის გამარჯვება. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების ხსოვნის და მათი ოჯახების წინაშე. ისინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირები არიან. ჩვენ ყველამ, მათგან უნდა მივიღოთ მაგალითი, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.