"პასუხის პასუხი! პოპულიზმი, ცრუ, არაფრის მომცემი დაპირებები და ტყუილები თქვენი მონაგონია" _ ამ სიტყვებით გამოეხმაურა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ნათია შარაშენიძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მიერ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც შარაშენიძის განცხადების საპასუხო იყო (იხილეთ განცხადება).
"რაც შეეხება ბიუჯეტს, გაზეთში რომელშიც ბიუჯეტი გამოაქვეყნეთ მოქალაქემ ძველი გაზეთის ნომერი სად უნდა იპოვოს? მეორეც ოფიციალურ ვებ- გვერდს თუ ეწვევით ხშირ-ხშირად ნახავთ, რომ ბიუჯეტი ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის, მოქალაქეებს კი ბიუჯეტის ძებნა უწევთ რომელსაც საგულდაგულოდ მალავთ და შემდეგ ახსნა- განმარტებებს იძლევით ისეთს, რომ თურმე გაზეთში გამოგიქვეყნებიათ და 4 თვის წინ ვებ-გვერდზეც აგიტვირთავთ.
გაერკვიეთ ბოლოსდაბოლოს, რომ ატვირთული დოკუმენტი დროთა განმავლობაში საიტზე იკარგება და საძებნი ხდება, ხოლო განთავსებული დოკუმენტი თვალსაჩინო ადგილზეა და ადვილად თვალშისაცემი და ხელმისავწდომია, ზუსტად ამ კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს ბიუჯეტის საჯაროდ განთავსების წესიც, სამწუხაროა რომ ეს არ იცით.
ჩემი განცხადების საპასუხოდ ველოდებოდი, რომ ბოლოს და ბოლოს ბიუჯეტს განათავსებდით ვებ-გვერდზე ისე, როგორც ამას ბიუჯეტის გამჭირვალობის და ხელმისაწვდომობის წესი მოითხოვს, მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ გამჭირვალობა, თქვენ არ გჭირდებათ კონტროლი, თქვენ არ გჭირდებათ და არ გაინტერესებთ მოქალაქეები…. თქვენ მოხვედით იმისთვის, რომ ბიუჯეტი რომელიც დაამტკიცეთ და საკუთარ "ტყავზე" მოირგეთ, გგონიათ, რომ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ და თქვენ გემსახურებოდეთ.
აი ესაა სიმართლე და აი ამიტომ გაქვთ ასე საგულდაგულოდ გადამალული ეს დოკუმენტი"_აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და დასძენს, რომ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ვებ-გვერდზეც შეუძლებელია საკრებულოს დეპუტატის მიერ პოსტის დადება მანამ, სანამ ადმინი არ დაგრთავს ნებას:
_ აი სულ ამდენია თქვენი (ხელისუფლების) გამჭირვალობა, დემოკრატია და სამართალი, _ ამბობს ნათია შარაშენიძე.