2015 წლის 26 მარტს IDFI-მ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით ინტერპოლის გენერალური სამდივნოსათვის გაგზავნილი და მათ მიერ დაკმაყოფილებული მიმართვების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის, ასევე, საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ დაყენებული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა სულ 131 განცხადებით, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა. 2011 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არ დაკმაყოფილდა 8. 2014 წელს 15 მოთხოვნიდან 2 არ დაკმაყოფილდა, რომელთაგან როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ არის განმარტებული ერთი იმყოფება განხილვის პროცესში. სხვა წლებში საქართველოს პროკურატურის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის მიერ საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილ შუამდგომლობებს, როგორც ირკვევა 2010-2015 წლებში ყველაზე მეტი (59) აღნიშნული ხასიათის შუამდგომლობა საქართველოს პროკურატურის მიერ დაყენებული იქნა 2010 წელს რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70,3% შეადგინა, 2013 წელს – 53.1%, 2014 წელს – 16,2%, ხოლო 2015 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ – 9,1%. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ განმარტებულია ის შუამდგომლობები რომელიც არ არის დაკმაყოფილებული ნაწილი საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამჯერად იმყოფება განხილვის პროცესში, ნაწილზე ითქვა უარი, ხოლო გარკვეულ ნაწილზე შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრამდე – დროებითი უარი.
აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება საკონსულტაციო მომსახურებასა თუ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მომსახურებაზე, როგორც ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები ცხადყოფს საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით წარმატებები ნაკლებად შეინიშნება.
IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას აგრეთვე მიმართა 2013-2014 წლებში საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული დოკუმენტაციის გასაჯაროებისაგან თავი შეიკავა, თუმცა ინსტიტუტს აცნობა რომ 2013 წელს მსგავსი ხარჯები მათ მიერ არ იყო გაწეული, ხოლო 2014 წელს (იანვარი-ნოემბერი) საკონსულტაციო მომსახურებაზე პროკურატურის მიერ დახარჯულია 354 489 ლარი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საკონსულტაციო მომსახურებაზე დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას საქართველოს პროკურატურამ თავი აარიდა ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხარჯი სავარაუდოთ დაკავშირებულია საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის საქმიანობასთან, რომელიც როგორც საქართველოს პროკურატურა საკუთარ პასუხში აღნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ფინანსდება 35 000 აშშ დოლარის ოდენობით.