გლდანის მ-2 მ/რ-ის 25-ე კორპუსის მე-8 და მე-9 სართულებს, რომელიც 12 აპრილს გამთენიისას გაზის ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა, დემონტაჟი უტარდება. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სახლი ჩაინგრა და მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ზოია კალანდარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნულ ბინაში ცოლ-ქმარი ქირით ცხოვრობდა. მამაკაცი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება.
ჩანგრეულია კორპუსის ბოლო სართულის ჭერი, რომელიც გადახურული იყო რბილი შეთავსებული სახურავით. ასევე დაზიანებულია მე-8 და მე-9 სართულებს შორის გადახურვის რკინა-ბეტონის ფილები, ჩამოშლილია ზემო სართულების კიბის მარშები და ბაქანი, ლიფტის შახტა. აფეთქების შედეგად დაზიანდა გარეთა საყრდენი კედლის ბეტონის პანელი. დაზიანებულია ყველა საკომუნიკაციო საშუალება. მეზობელ კორპუსში ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გამგეობა დაჩქარებული წესით ატარებს გამაგრების წინმსწრებ სამუშაოებს. აღდგენითი სამუშაოები დაზიანებული სართულების მოხსნისთანავე დაიწყება.