ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ლატვიის უნივერსიტეტში ისაუბრა, სადაც მან საჯარო ლექცია ჩაატარა.
"ვფიქრობ, ჩემი პრეროგატივა არ არის წინა პრეზიდენტის მმართველობის შეფასება. ეს, ალბათ, ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ვისაუბრო პერიოდზე, რომელიც დაიწყო 2003 წელს და გაგრძელდა 2013 წლამდე და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელდა რიგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმებისა, რომლებსაც ჰქონდა მრავალი პოზიტიური განვითარება სამოქალაქო მომსახურების, პოლიციის სისტემის, ანტიკორუფციული მიმართულებით; ასევე წინა ხელისუფლების მიერ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები ევროინტეგრაციისაკენ. არ მინდა შევაფასო ცალკეულად რა იყო დადებითი და უარყოფითი. შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ ეს პროცესი სრულად გრძელდება მოქმედი ხელისუფლების მიერ, რომელმაც გასულ წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ახორციელებს ძალიან ამბიციურ დღის წესრიგს. მოქმედი ხელისუფლება დადებითად უძღვება ასოცირების შეთანხმების გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციას; აქვს ძალიან კარგი შეფასებები ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ამბიციურად მოქმედებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგში.
რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მემკვიდრეობას, ამის შეფასება არ არის ჩემი ამოცანა. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომ შევაფასო რა გააკეთა მან სწორად და რა არასწორად, მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ პოლიტიკურად მე ყოველთვის ვუპირისპირდებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს მისი მმართველობის მანძილზე. მე ვიყავი ოპოზიციაში 2003 წლიდან და ამისთვის ჩემი მიზეზები მქონდა. აღარ ვაპირებ ამის განმეორებას, რადგან ეს დამთავრდა და მე შევწყვიტე პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკა, მას შემდეგ, რაც ის აღარ არის პრეზიდენტი. პოლიტიკურად ჩვენი დებატები გადაწყდა ქართველი ხალხის მიერ, რომელმაც მე მომცა პრეზიდენტის მანდატი; ის აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და აქ მე დავასრულე წინა პრეზიდენტის მმართველობის განხილვა. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ჰქონდა განვითარების ძალიან პოზიტიური მაგალითებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.