საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 აპრილს უკრაინაში გაემგზავრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები უკრაინის დედაქალაქ კიევში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.
დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის და მისი უკრაინელი კოლეგის, უმაღლესი რადას თავმჯდომარის, ვლადიმერ გროისმანის შეხვედრა, სადაც მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკანონმდებლო ნაწილზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. უმაღლეს რადაში სტუმრობისას ქართველი კანონმდებლები საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფის წევრებსაც შეხვდებიან.
21 აპრილს, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, არსენ იაცენიუკთან. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებებს, ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს და უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავენ.
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ეროვნულ ნაკრძალს მოინახულებს. ქართველი კანონმდებლები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვევიან და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
უკრაინის დედაქალაქს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და გიორგი ვაშაძე ეწვევიან.