საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩი ჩაიშალა. “ზესტაფონის” ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს მოედანზე გამოსვლაზე ამის მიზეზი კი კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. სამი თვეა კლუბში ხელფასები არ დარიგებულა. არაერთგზის დაპირების მიუხედავად, მდგომარეობა უკეთესობისკენ არც გორის "დილასთან" მატჩის წინ შეცვლილა. "ზესტაფონმა", რომელიც თამაშისთვის თბილისში ემზადებოდა, საკუთარ ქალაქში ჩასვლა ვერ მოახერხა და მატჩი ჩაიშალა.
სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი სათამაშოდ ვერ გავიდოდა, თუმცა… როცა შეხვედრის დაწყების დრო დადგა, მინდორზე მხოლოდ მსაჯები და "დილას" ფეხბურთელები გამოვიდნენ.
იქვე სტადიონის დიქტორის ხმაც გაისმა, რომელიც იტყობინებოდა, რომ გამგეობის მხრიდან მრავალგზის დაპირების მიუხედავად, კლუბის დაფინანსება ამ დრომდე ვერ მოხერხდა და "ზესტაფონი" სათამაშოდ ვერ გავიდა.
გულშემატკივრები, რომელთაც ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოფენილი, წარწერით – "ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს!", ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებას ელოდებიან.