შსს-მ აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით, ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი"-ს დირექტორი, 1981 წელს დაბადებული ნინო ს. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ს ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია „diversity visa lottery" (ე.წ. ,,გრინ-ქარდის") გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი"-ს დირექტორ ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოს-და ,,გრინ-ქარდი"-ს აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.
სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი"-ს ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე -3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით).