დიდ ბრიტანეთში ერთმა მამაკაცმა მეუღლესთან გაყრა მოინდომა იმ მოტივით, რომ ცოლს ცივი ფეხები აქვს. მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ეს არგუმენტი საკმარისია იმისათვის, რომ გაფორმდეს განქორწინება.
მუსლიმანურ ქვეყნებში იმისათვის, რომ ცოლს გაეყარო, საკმარისია, გახვიდე ქუჩაში, ხმამაღლა დაუკრა ტაში და სამჯერ დაიყვირო, რომ მეუღლეს უშვებ.
ევროპაში განქორწინების შემდეგ მამაკაცი ვალდებულია შვილები არჩინოს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლს უფლება აქვს საკუთარი თავის სარჩენი ფულიც მოსთხოვოს მეუღლეს. თუ ქალი ქორწინების პერიოდში მიეჩვია მოდური დალაქის, ძვირი მკერავის, მზარეულის და მებაღის მომსახურებას, ქმარი ვალდებულია მომავალშიც უზრუნველყოს იგივე პირობები. განქორწინების შემდეგ ექსმეუღლის ცხოვრების დონე არ უნდა დაეცეს.
ისრაელის რელიგიური კანონების მიხედვით, განქორწინების გაფორმების გარდა, ცოლმა უნდა მიიღოს ქმრის მიერ ხელმოწერილი საბუთი – გეტი. ამ საბუთის გარეშე მას არ აქვს ახალი ქორწინების უფლება. ზოგიერთი განაწყენებული ქმარი სარგებლობს ამით და არ აძლევს გეტს ცოლს, ბევრი იმალება კიდეც. ასეთი ურჩი მეუღლეების საძებნელად რაბინებმა სპეციალური ბიუროც კი შექმნეს.
ამას წინათ ერთი ასეთი გაქცეული ლათინურ ამერიკაში აღმოაჩინეს. ის პატარა ზღვისპირა ქოხში ცხოვრობდა და წვერიც კი მოუშვა, რომ არ ეცნოთ. როდესაც მას გეტი მიაწოდეს ხელმოსაწერად, კაცის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა.