დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დიჯეი-დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის მიმართ და მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, მიხეილ გრძელიშვილს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა და ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა მიხეილ გრძელიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში – გამოიყენა დუმილის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა,
სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 9 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
ცნობისთვის, დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 29 აგვისტოს, თბილისში, "სქაი ბართან" ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლეს.