საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა.
როგორც პრემიერი აცხადებს, მინისტრმა მას გადადგომის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა.
"დავით შავლიაშვილი რისკიანი და ეფექტური მენეჯერი იყო, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება", _ განაცხადა ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ დავით შავლიაშვილს დეკემბერში სერიოზული დაავადება დაუდგინდა, რის შემდეგაც მან გადადგომა რამდენჯერმე ითხოვა.
"შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, როგორც ჩანს – თანდაყოლილი. თუმცა სწორედ მაშინ ჰქონდა პირველი შეტევა. იმის მერე, ბოლო ოთხ თვეში ბატონმა დავითმა რამდენჯერმე მომმართა გადადგომის თხოვნით, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო რთული ვითარება, გამომდინარე ლარის დევალვაციიდან, ასევე იქედან, რომ მნიშვნელოვანი იყო პირველი კვარტალი წარმატებით დამთავრებულიყო, მე ვთხოვე დარჩენა. მანაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო და პირველი კვარტალი მართლაც წარმატებით დაასრულა. ნამდვილად მინდა დავადასტურო მისი ეფექტიანობა – ის იყო საკმაოდ რისკიანი, ეფექტური მენეჯერი, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ მე მეწყინა მისი გადაწყვეტილება, ვეღარ დავაძალებდი რომ გაეგრძელებინა მუშაობა. როგორც ჩანს ამ თვეების განმავლობაში გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, დავით შავლიაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე დღეს გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ მინისტრმა პრემიერს გადადგომის თხოვნით ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმართა.