რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ახალი მინისტრი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ პოსტზე ჯავახიშვილის კანდიდატურა, გუშინ, ყოფილი მინისტრის დავით შავლიაშვილის გადადგომის შემდეგ დაასახელა.
ცნობისთვის, ჯავახიშვილი ამ დრომდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.
ნოდარ ჯავახიშვილს ბოლო დეკლარაცია 2015 წლის 26 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, იგი გლდანის ტერიტორიაზე, 1000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. სხვა უძრავი-მოძრავი ქონება ახალ მინისტრს, დეკლარაციის თანახმად არ აქვს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მას "ლიბერთი ბანკის" საპენსიო ანგარიშზე 3 360.00 ლარი ერიცხება; "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 7 617.60 ლარი; "თიბისი ბანკის" ასევე სახელფასო ანგარიშზე 3 465.65 ლარი; "ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე კი 56.56 ლარი.
ნაღდი ფულის სახით, ახალი მინისტრი 30 000.00 ლარსა და 10 000.00 დოლარს ფლობს.
ნოდარ ჯავახიშვილმა, როცა ის სს ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა ერთი წლის განმავლობაში, შემოსავლის სახით, 129 435.01 და 21 358.70 ლარი მიიღო.
რაც შეეხება გრაფას, სადაც დეკლარაციის შემვსებმა უნდა მიუთითოს გასავალი, რომელიც 1500 ლარს აღემატება, მინისტრს მითითებული აქვს, რომ სწავლის საფასური 3 200.00 ლარი გადაიხადა, მგზავრობის ღირებულება 3 811.00 ლარი და შემოწირულობა 50 000.00 ლარი.