პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე "ფაქტრ-მეტრის" მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომლის თანახმადაც დეპუტატის განცხადება – ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა ბოლო ორი წლის მანძილზე პოზიტიურად შეიცვალა, გამოცემამ ნახევრად სიმართლედ შეაფასა. ხუნდაძის თქმით, "ფაქტ-მეტრი" ფარულად ამჟღავნებს მათ პოლიტიკურ მიზნებს. გამოცემა კი, თავის მხრივ, დამატებით განმარტებას არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ მათ კვლევაში ყველა კითხვაზე ამომწურავადაა პასუხი გაცემული.
"დემოგრაფიული პროექტი, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პროექტია საქართველოში, 2012 წლიდან ხორციელდება. პროექტის განხორციელება დავიწყეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. სწორედ მისი უწმინდესობის ინიციატივის დამსახურებაა 2006-2010 წლებში საქართველოში შობადობის საგრძნობი მატება, რასაც ჟურნალისტი თავის კვლევაში საერთოდ არ ახსენებს. ამ ინიციატივას შედეგი დღესაც მოაქვს და ექნება მომავალშიც.
რაც შეეხება ხელისუფლების როლს ამ პრობლემის მოგვარების საკითხში, თუკი ჟურნალისტებმა ამის შესახებ არაფერი იციან, არის მხოლოდ იმის შედეგი, რომ დემოგრაფიული მიმართულებით ჩვენს მიერ გაცხადებულ და შემდგომში უკვე განხორციელებულ ინიციატივებს ქართული მედია ნაკლებად აშუქებს, გამონაკლისის გარდა. მაშინ, როდესაც დიდი დოზით შუქდება სუიციდის და ძალადობის შემთხვევები, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე.
"ფაქტრ-მეტრმა" ჩემს მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება დაიწუნა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პოზიტიური ცვლილებები შევაფასე, როგორც ხელისუფლების 2-წლიანი სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგი. დიახ, მე სიმართლე ვთქვი და დღესაც იგივეს ვიმეორებ: ეს არის ხელისუფლების სწორი და თანმიმდევრული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგი და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
ჟურნალისტის მიერ გაკეთებული დასკვნა არის მხოლოდ პოზიტივის ნეგატივში გადაყვანის მცდელობა, რაც ფარულად ამჟღავნებს მათ პოლიტიკურ მიზნებს", – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება "ფაქტ-მეტრის" პოზიციას, აქ აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი, შესაბამისად დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.
"დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, იმის შესახებ, რომ დემოგრაფიული მაჩვენებლები ბოლო 2 წელიწადში პოზიტიურად შეიცვალა, რაც ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგი იყო, ჩვენ ნახევრად სიმართლედ შევაფასეთ.
ბატონი დიმიტრი ჩვენს კვლევას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტ-მეტრის ანალიზი და მისი განცხადების საბოლოო ვერდიქტი არაობიექტური იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კვლევაში ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით და ის დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს."
მასალა, რომელზეც დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს, შეგიძლიათ იხილოთ აქ.