ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად 5 მაისს დაგეგმილი გამოფენის, „დონბასი: მშვიდობა და ომის" საორგანიზაციო საკითხები განიხილა. ექსპოზიცია, რომელიც 60-მდე ფოტოს მოიცავს, აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში განვითარებულ ყველაზე დრამატულ მომენტებს ასახავს.
გამოფენა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართება.
ფოტოები, რომელთა ნახვის საშუალება თბილისში 5 მაისიდან იქნება შესაძლებელი, უკვე გამოიფინა მსოფლიო დედაქალაქებში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში.
გამოფენის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
ოფიციალურ გახსნას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და უკრაინის რადას წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და სერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„თბილისში, მაისის დასაწყისში, რიგის სამიტის წინ გაიმართება საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ფორუმი ევროკავშირში ამ ქვეყნების გაწევრიანების სულისკვეთებით გამსჭვალულ იმ სამოქმედო გეგმებთან და ხელშეკრულებებთან მიმართებაში საკეთებელ საქმეებზე და სამოქმედო გეგმების კოორდინირებაზე, რაც დღის წესრიგში სამივე ქვეყანას აქვს. ამავდროულად, მაისის პირველი კვირა საქართველოში ევროპის კვირეულია და გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შევეხმიანოთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას. გამოფენა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, 5 მაისს, ორი კვირით გაიხსნება. ვფიქრობ, საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ, ამ ისტორიის ფონზე გავაცოცხლოთ ის კადრები, რაც სამწუხაროდ ისტორიის კუთვნილება ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.































































