მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია დაქორწინებას აპირებს. როგორც თავად ბექა აღნიშნავს, მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელსაც დიდი ხანია ეძებდა და რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი რჩეული 24 წლის ქართველ-ასირიელი ინა ოსიპოვაა, რომელიც მოსკოვშია დაბადებული და გაზრდილი, ბექამ კი საქართველოში გაიცნო.
"დაახლოებით 4 თვის წინ თბილისში, მეგობართან გავიცანი წვეულებაზე. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილია. ეროვნებით ნახევრად ქართველი, ნახევრად ასირიელია. 24 წლისაა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თუ არ ვცდები, იტალიური ენის და კულტურათმცოდნეა. ისწავლა არამხოლოდ მოსკოვში, იტალიაშიც. ჯერჯერობით არ მუშაობს.
დაახლოებით 4-5 თვეა მისი ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა. ინა ისევ მოსკოვში ცხოვრობს თავის ძმასთან ერთად.
ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მგონია, ვიპოვე ის, ვისაც ძალიან დიდი ხანია ვეძებ. რატომღაც ჩემი პოპულარობა ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს ხოლმე.
ჩემთვის, წყნარად არ შემიძლია ყოფნა, ამიტომ ყველასთან თხოვნა მექნება, რაღაც კომენტარებისგან თავი შეიკავონ. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და ყველაფერი თვითონ უნდა გადავწყვიტო. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ვისაც ეს გაუხარდება, დიდი მადლობა, ვისაც ეწყინება, ბოდიში.
რაც შეეხება ვარაუდს, რომ თითქოს წყვილი უკვე დაქორწინდა, ხოფერია ამ ინფორმაციას უარყოფს.
„არ დავქორწინებულვარ, მაგრამ ეს გეგმაში გვაქვს. ახლო მომავალში ყველაფერს აუცილებლად გაიგებთ. ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი. მთლად მამაპაპური ქორწილი არ გვინდა, მაგრამ ქართული ტრადიციული ელემენტებით აუცილებლად იქნება. თავისთავად თამადაც გვეყოლება, ვიცეკვებ კიდეც…,“-ამბობს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ბექა ხოფერია.