თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად კომპანია "სიტი პარკის" "თავნებობაზე" საუბრობს.
"თბილისში პარკინგის მონოპოლისტ კომპანია "სიტი პარკის" უფუნქციობასა და გამომძალვებლობაზე ბევრი საუბარი არ ღირს. მგონი არაფერზეა ისეთი კონსენსუსი როგორიც ამ კომპანიისადმი დამოკიდებულებაზე. ამის მიუხედავად და იმის მიუხედავადაც რომ ქალაქში ხელისუფლება შეიცვალა, "სიტი პარკი" ისევ რჩება და ისევ თავნებობს. მოლოდინის და დაპირების მიუხედავად მერია "სიტი პარკს" თითქოს არ იმჩნევს, ეს კი აჩენს ორ ეჭვს:
1. მერია და ეს კომპანია გარიგდნენ ჩვენს ზურგს უკან
2. მერიას უბრალოდ ღონე არ ყოფნის ამ სახელგატეხილი კომპანიის გასაშვებად. მაგრამ მე პირადად სულ არ მაინტერესებს კულუარებში ვინ ვის რაზე გაურიგდა, ან შეუთანხმდა. მე ვხედავ იმას რომ თბილისში პარკინგი მოუწესრიგებელია, თბილისში პარკინგის მხრივ ვითარება დღითი დღე უარესდება, არადა ხელშეკრულების მიხედვით "სიტი პარკი" ქალაქში კიდევ 10 წელი უნდა დარჩეს.
ეს დაუშვებელია, ეს მოუთმენელია. გამოსავალი არის მარტივი – უნდა დავიწყოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია და "სიტი პარკი" ქალაქიდან გავაძევოთ !!! მოგიწოდებთ ყველას ვისაც არ გინდათ კიდევ 10 წელი ვიცხოვროთ ქაოტური პარკინგის ქალაქში, ვისაც არ გინდათ რომ ყოველ ჯერზე ეძებოთ სადღაც სადგომებზე გატაცებული მანქანა – გელით – სამშაბათს, 28 აპრილს 17 საათზე თბილისის მერიის შენობის წინ ! ერთად ვაიძულოთ მერია და ერთად გავაძევოთ "სიტი პარკი" !!!", _ წერს ელიასშვილი სოციალურ ქსელში.