საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 ტურში მე-7 გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა. ხვალ უკანასკნელი ტურია – ჩვენი გოგონები ჩინელებს დაუპირისპირდებიან.
„ქართული ჭადრაკი კიდევ ერთი დიდი გამარჯვების მოლოდინშია – ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ლიდერობს და ვიმედოვნებ, ხვალ, უკანასკნელი ტურის შემდეგ, ჩვენი გოგონები ოქროს მედლებით გაგვახარებენ! ქართველი ქალი მოჭადრაკეები ყოველთვის მსოფლიო ავანგარდში იყვნენ და მიხარია, რომ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ისინი კვლავ მიუახლოვდნენ მწვერვალებს. მოჭადრაკეების მიერ ჩინეთში ნაჩვენები შედეგი სახელმწიფოს და სპორტის კონკრეტული სახეობის ნაყოფიერი თანამშრომლობის უსიტყვო დასტურია! გადამწყვეტი პაექრობის წინ მსურს წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს! ვიმედოვნებ, ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ოლიმპიადის ოთხჯერ მოგების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობითაც გაგვახარებს"! – ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ ჩვენი გუნდისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი გუნდი 15 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 13 ქულა აქვს, ჩინეთის ნაკრები კი 11 ქულით მესამეა. ხვალ, 28 აპრილს, უკანასკნელ, მე-9 ტურში საქართველო ჩინეთს დაუპირისპირდება, რუსეთის მეტოქე კი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი იქნება.