თბილისის მეტროს სადგურ "ისნიდან" სამგორის რაიონის ზოგიერთი დასახლებების მიმართულებით 29 აპრილიდან მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების განრიგში ცვლილებები განხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე და მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილი ავრცელებს
"მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის ცენტრიდან შედარებით დიდი მანძილებით დაშორებული – სამგორის რაიონში არსებული შემოერთებული სოფლებისა და დასახლებებისთვის, სატრანსპორტო მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შემუშავდა და ცვლილებები შევიდა მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების სამუშაო განრიგში: მარშრუტებზე გაიზარდა სამუშაო დროის ხანგრძლიობა; საღამოს საათებში დაემატა დამატებითი რეისები და შემცირდა მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები. აღნიშნული ცვლილებები შეეხო სოფელ პატარა ლილოს, ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდი ლილოს, ორხევის დასახლებას, სოფელ ნასაგურს, სოფელ წინუბანს და ლოჭინი–ლილოს დასახლებაში მომუშავე მარშრუტებს", _ აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აღნიშნული ცვლილებები დღის ბოლოსთვის ყველა აღნიშნულ დასახლებაში მომუშავე ავტობუსების სალონებში გამოიკვრება.