ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძე გუშინ, საღამოს ექვსის ნახევრისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შემოწმებაზე მივიდა, თუმცა მას ადგილზე არავინ დახვდა. თვითმხილველთა თქმით, გამგებლის იქ ყოფნისას შენობიდან საკმაოდ ხმამაღალი საუბარი ისმოდა.
"როგორც ჩანს უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი და ასეც მოვიქცევით. სამუშაო საათები ცხრიდან ექვსამდეა, შიდაგანაწესშიც ასე უწერიათ და საინტერესოა, რატომ ან ვისი მითითებით ცვლიან გრაფიკს. იმ ა(ა) იპ-ებში, რომელიც შევამოწმეთ, ყველა თანამშრომლის საკითხი შეისწავლება",- აღნიშნულია გამგებლის მიერ გამგეობის ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.
ზაზა ურუშაძემ ჩვენთან პირად საუბარშიც დაადასტურა, რომ სამსახურების შემოწმებისას ძალიან ცუდი მდგომარეობა დახვდა და კანონთან შესაბამისობაში აპირებს თანამშრომლების მიმართ სანქციების დაწესებას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ლადო ჩხაიძის განცხადებით, მათ შიდაგანაწესი არ დაურღვევიათ.
"ჯანდაცვის სამსახურში, შიდა ბრძანების საფუძველზე, სამუშაო საათი იწყება დილის ცხრა საათზე და მთავრდება საღამოს ხუთ საათზე, შესვენების გარეშე და გამოდის, რომ დღეში ჩვენი სამუშაო დროის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ რვა საათია. სამუშაო დროის ეს მონაკვეთი განპირობებულია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. ჩვენთან პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ ვაქცინები უბნებზე ოთხი საათის შემდეგ გატანილიყო, თუ რამე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე და ასეთ გამონაკლის შემთხვევაში ადგილზე აუცილებლად ვიმყოფებით პასუხისმგებელი პირები. ყოფილა ისეც, რომ თბილისიდან ვაქცინები გვიან საღამოს მიგვიღია, ასეთ დროსაც ჩვეულებრივ სამსახურში ვართ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ მქონია შეხვედრა გამგებელთან, სავარაუდოდ, დამიკავშირდებიან და მე მათ საქმის კურსში ჩავაყენებ, რა როგორაა."
– ბატონო ლადო, ბოლო ხანებია საზოგადოებაში არის საუბარი, რომ თქვენ სამსახურიდან გათავისუფლებას გიპირებენ და თქვენს შემცვლელად მარინა კეიდიას მოიაზრებენ, ხომ არ ფიქრობთ რომ გუშინდელი შემოწმება რაიმე კავშირში იყოს გავრცელებულ ინფორმაციასთან?
-არ ვიცი, მე არავისთან არ მქონია საუბარი მსგავს თემაზე.
გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა გუშინ ლანჩხუთის გამგებელმა ცენტრალური ბიბლიოთეკაც შეამოწმა, სადაც 16 თანამშრომლიდან ადგილზე მხოლოდ ოთხი ყოფილა.