პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის წევრები საერთაშორისო მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობას განაგრძობენ.
"მომავალ კვირას ქალბატონი წულუკიანი მიემგზავრება საფრანგეთში, გომელაური გერმანიაში, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი ამერიკასა და ევროპაში. ასევე დაგეგმილი აქვს ევროპაში ვიზიტები დავით ბაქრაძეს.
ყველა ეს ვიზიტი ემსახურება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს და მიმართულია მაქსიმალური შედეგის მიღებისთვის.
სწორედ ამ ობიექტური გარემოებების და მიზნების გათვალისწინებით, მინდა თხოვნით მივმართო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ მაქსიმალურად დროულად, ამ კვირაშივე მოხდეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, თუ ეს შესაძლებელი იქნება, კანონის შესაბამისად. პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა და რეფორმები. ამას 24-საათიანი მუშაობა და ერთიანი ძალისხმევით საკითხების გადაწყვეტა სჭირდება", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ყველა ის ცვლილება, რაც მთავრობაში ხდება, რეფორმების პროცესის დაჩქარებას ემსახურება.