სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ყიფიანმა გადადგომის მიზეზად პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების პრეტენზიები დაასახელა.
ლევან ყიფიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ამ ბრალდებებთან დაკავშრებით ღია წერილიც გაუგზავნა, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
_ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განხილული იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე წლის 6 აპრილის N25816 წერილი, რომლის თაობაზეც წარმოგიდგენთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიციას და მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის, საქართველოს პრემიერ- მინისტრის სახელზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მ/წ 30 მარტს შემოსულ წერილთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, სადაც სამინისტროს მიერ წარდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საკომიტეტო მოსმენაზე ყურადღება იქნა გამახვილებული სპორტში არსებულ პრობლემებსა და წარმატებებზე და აღინიშნა, რომ კომპლექსური პრობლემები, რომელიც სპორტის განვითარებას აფერხებს წლების მანძილზე დაგროვილმა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა ფაქტორებმა გამოიწვია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჯანსაღ განხილვებს და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას მიესალმება როგორც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე სხვა ნებისმიერ ფორმატში. გავმეორდებით, რომ ყველა ეს პრობლემა მრავალი წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების შედეგია და მის გადაჭრას მრავალწლიანი მუშაობა სჭირდება.
სხდომაზე გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კომიტეტის წევრების მოსაზრებები გარკვეულ შემთხვევებში მისაღები და გასათვალისწინებელია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვერ იქნება გათვალისწინებული. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოკლე ანალიზი გავაკეთო სამინისტროს საქმიანობისა, რაზეც საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული; ასევე ანალიზი იმისა, თუ რა
მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი და ასევე შევეხები იმ გარემოებებს, რაც ჩემთვის როგორც მინისტრისთვის მიუღებელია და გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოს კურსის საპირისპიროდაც შეიძლება იქნას განხილული.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩვენი გუნდის მოსვლისთანავე მოვახდინეთ ყველა არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და დავიწყეთ გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რაც ქვეყანას სპორტის მიმართულებით სწორი სისტემების ჩამოყალიბებისა და ეფექტური განვითარების საშუალებას მისცემს.
აქედან გამომდინარე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 22 მაისს მიიღო N127 დადგენილება „საქართველოს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. 8 თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, შემუშავდა „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N601 განკარგულებით იქნა დამტკიცებული.
ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას წინ უძღოდა ქვეყნის მასშტაბით ფართომაშტაბიანი სპორტის კვლევა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად განხორციელდა. სამინისტროს საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი სპორტის სფეროს დეპოლიტიზაციაა, სპორტული სამყარო მთლიანად გათავისუფლდა პოლიტიკური და ადმინისტრაციული წნეხისგან, ფედერაციებსა და სპორტის მესვეურებს მიეცათ სრული თავისუფლება თავიანთ ქმედებებში, იქნება ეს ფედერაციის პრეზიდენტი, მწვრთნელი თუ სპორტსმენი, რაც თავისთავად შესაბამის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. სპორტულმა საზოგადოებამ მიიღო ეს გამოწვევა და რეალურმა შედეგებმაც არ დააყოვნა.
იმ დროს, როდესაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მართვა ახალმა გუნდმა გადაიბარა, სამინისტროს ბიუჯეტი 47 მლნ ლარს შეადგენდა, იყო ფინანანსების მწვავე დეფიციტი და მუდმივი პრობლემები სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობების დროს, დღეის მდგომარეობით მოგეხსენებათ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება 70 მლნ ლარს შეადგენს, რამაც სპორტის სფეროს სტაბილურობის განცდა გაუჩინა.
გაზრდილია დაფინანსება ყველა პროგრამული მიმათულებით, შემუშავებული და დამტკიცებულია წარმატებულ სპორტსმენთა წახალისების პროგრამა, რომელმაც მოიცვა სპორტის როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური და სათამაშო სახეობები, შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველა წარმატებული სპორტსმენი ფინანსურად სტაბილური და უზრუნველყოფილია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სრულად აქვს გათვიცნობიერებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილეობლობა და ეს მიმართულება ჩვენი პრიორიტეტია.
მოგეხსენებათ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული კუთხით, ქვეყნის სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატება ოლიმპიური აუზი და თბილისის სპორტის სასახლე, 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და აშენდა 10-მდე სპორტული ობიექტი, იწყება ბათუმისა და თელავის სპორტის სასახლეების პროექტირების სამუშაოები, ფალავანთა კლუბის რემონტი, რეაბილიტაცია უტარდება ფოთის, წყალტუბოსა და ზუგდიდის სტადიონებს, სრულდება ზუგდიდის ყინულის სასახლის მშენებლობა, ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა სავარჯიშო მოწყობილობები და ა.შ.
გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ მსგავსი სპორტული ობიექტების მშენებლობა, როგორიც 2013 წლიდან მიმდინარეობს საქართველოში, ბოლო 25 წელზე მეტია არ განხორციელებულა. გარდა ამისა, მომზადებულია ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც 200 სპორტულ ობიექტსა და 300-მდე სპორტულ რეკრეაციული ზონას მოიცავს. მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში არსებული სპორტული ობიექტები ერთ მონაცემთა ბაზაში გაერთიანდება, რაც საშუალებას მოგვცემს გავატაროთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების სწორი, გრძელვადიანი პოლიტიკა.
მიზანი ინფრასტრუქტურის მართვის ნოვატორული, ხელმისაწვდომი მოდელის შემუშავებაა, ვინაიდან სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სპორტის მასობრიობის ზრდის უმთავრესი წინაპირობაა. მოგეხსენებათ, რომ აღდგენილი იქნა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასევე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს პროგრამა „ჭადრაკი სკოლებში“, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 100 სკოლა და 6000-მდე ბავშვი ჩაერთვება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა გადამზადებისა და სერთიფიცირების პროგრამის დაწყება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან: 2014 წლის მანძილზე განხორციელდა 50-მდე გასვლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მათ გადაეცათ საჭირო სპორტული ინვენტარი; წარმატებით მიმდინარეობს რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სადაც 30000-მდე სკოლის მოსწავლეა ჩართული; განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავების პროცესშია და საქართველოს მთავრობას მიმდინარე წლის სექტემბერში წარედგინება სასკოლო ოლიმპიადის ეროვნული პროგრამის მოდელი, რომელშიც ყოველწლიურად 200000 სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ცხოვრების ჯანსაღი წესის კამპანია მიმდინარეობს არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც მსჯავრდებულები ეუფლებიან სპორტის სხვადასხვა სახეობას. რაც შეეხება მოძველებული კანონმდებლობის დახვეწის მიზნით განხორციელებულ სამუშაოს, მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ სრულად იქნა გაანალიზებული და იდენტიფიცირებული ის პრობლემები, რომელიც სახეზეა ქართულ სპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტი რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ: სპორტული ფედერაციების, ასოციაციებისა და კავშირების აღიარებისა და დაფინანსების კრიტერიუმებისა და სტანდარტების კანონმდებლობით დარეგულირება; სპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის განსაზღვრა; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროს სამართლებრივი დარეგულირება სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სკოლისგარეშე სპორტული და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ფუნქციისა და საქმიანობის დარეგულირება;საერთაშორისო სპორტის სფეროს კონვენციებისა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა; სპორტის სფეროს სპეციალისტთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის დარეგულირება; ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სხვა.
სამინისტროს მხარდაჭერით ორი წლის მანძილზე მოპოვებულია მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, კერძოდ: ძიუდო-,,გრანპრი’’-ს გათამაშება; ფარიკაობა – ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე; თელავისადა ბათუმის ღია საერთაშორისო ტურნები (კაცები- ქალები); ჭადრაკის ოლიმპიადადა 20-ზე მეტი საერთაშორისოტურნირი; მძლეოსნობა – ევროპის ჩემპიონატი; ძალოსნობა – ევროპის ჩემპიონატი; კარატე – ევროპის ჩემპიონატი;ხელბურთი – მსოფლიო ჩემპიონატი 18 წლამდე; მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლი და ტრიატლი; ფეხბურთი – ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 19 წლამდე. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის
ცნობადობისზრდას, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ასევე დამატებითი სტიმულია ქართველი სპორტსმენებისთვის.
აქვე აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენთა მონაგარი 2012 წელთან შედარებით საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული მედლების რაოდენობა 32%-ით არის გაზრდილი. ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ჩვენი მოსვლის დროს 2012 წელს სპორტული ფედერაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სპორტით დაკავებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 33 ათასს, ხოლო დღეს ეს ციფრი დაახლოებით 50 ათასია, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე სპორტში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა 65%-ზე მეტით არის გაზრდილი.
არის კიდევ მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა სწორად და გეგმაზომიერად ხორციელდება, თუმცა კიდევ მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვფიქრობთ არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, დაგეგმილი და სტრატეგიული მოქმედებით ყველა პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. რაც შეეხება მასობრივი სპორტის განვითარებას, ეს მართლაც არის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის ის დაბალი, 16%-იანი მაჩვენებელი, რომელიც ზემოთ ხსენებულმა ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, მართლაც რომ საგანგაშოა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რისთვისაც განხორციელდა და ხორციელდება მრავალი მასობრივი სპორტული ღონისძიება, რომლის უპირველესი მიზანია მოსახლეობის მასობრივად სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩაბმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წერილში უარყოფითად არის შეფასებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა, რასაც ვერ გავიზიარებთ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: სამინისტროებს შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების პროცესში (დოკუმენტი დამტკიცდა 2014 წლის 28 მარტს), 2014-2020 წლების სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში (დოკუმენტი დამტკიცდა 2014 წლის 4 აპრილს), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული და ამ სტრატეგიების და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განისაზღვრა ამოცანები, რომლებიც ერთობლივად უნდა გადაიჭრას.
უკვე დაწყებულია ერთობლივი პროექტები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სტიმულირებასთან დაკავშირებით, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, სხვადასხვა ტიპის სასპორტო თამაშების, ასევე ინტელექტუალური თამაშების, სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზების და სხვათა მიმართულებებით. – ორ სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და კონსულტაციებით სკოლების ინფრასტრუქტურის, მათ შორის სპორტული დარბაზებისა და მოედნების სრულყოფა თანამიმდევრულად ხორციელდება დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
2013-2014 წლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 38 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს, 15 საჯარო სკოლა დაფინანსდა ღია სპორტული მოედნის მოსაწყობად. ახალაშენებულ 4 საჯარო სკოლაში მოეწყო უახლესი სტანდარტების შიდა სპორტული დარბაზი. 2015 წელს 6 საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია, სხვადასხვა მცირე სამუშაოებისთვის კი 5 ახალაშენებულ საჯარო სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი, 2 საჯარო სკოლაში -ღია სპორტული მოედანი.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევები -სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
(ადმინისტრაციული საჩივრით ავტორებმა მოითხოვეს ამა წლის 13 მარტს დანიშნული სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნების გაუქმება, ახალი არჩევნების დანიშვნა, მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მიცემა და სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯ. ძაგანიას 2015 წლის ბრძანების მოქმედების შეჩერება.)
გამოყენებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების რეგულაცია. სადავო საკითხი შესწავლის სტადიაშია და ბუნებრივია, მიღებული იქნება შესაბამის გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით.
კომიტეტის წერილში დასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სასპორტო სკოლების აღდგენა სპორტის ამა თუ იმ სახეობაში გაძლიერებული წვრთნისა და სწავლების მიზნით. დღეს მოქმედი 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა საშუალებას სკოლამ თავად განსაზღვროს თავისი მისია და მიზნები, რაც გულისხმობს, რომ სკოლას შეუძლია პრიორიტეტი მიანიჭოს სპორტულ საგნებს და მათ გაძლიერებულ სწავლებას. კონკრეტული მიზნების შესასრულებლად სკოლა უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს საგნებს შორის (მათ შორის, სპორტის საგნის სასარგებლოდ).
სურვილის შემთხვევაში, სკოლამ შესაძლებელია მიიღოს გაძლიერებული სპორტული სკოლის სახელიც, სკოლა მოქნილი და უფლებამოსილია, საჭიროების შესაბამისად დაგეგმოს სასკოლო საგაკვეთილო ცხრილი და თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს სპორტული და საგაკვეთილო აქტივობები, ამდენად, კომიტეტის შენიშვნა მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტარები საკვანძო საკითხებში გარკვეულები არ არიან.
რაც შეეხება, სკოლებში ფიზიკური აღზრდის საგნის სწავლების დაბალ ხარისხს და მეთოდური და დამხმარე მასალების შემუშავება-გამოცემის, ასევე პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემებს _ ამ საკითხშიც დაბალი კომპეტენცია შეინიშნება, ვინაიდან ეს საკითხი ზოგადი განათლების განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და 2012-2014 წლებში სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს თანამშრომლობის შედეგად მუდმივად ჰქონდა გამოცხადებული გადამზადების პროგრამა სპორტის პედაგოგებისთვის: 2012-2014 წლებში გადამზადდა 450 პედაგოგი.ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ერთობლივი ტრენინგის დაგეგმვაზე, რომელიც შეთავაზებული იქნება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის.
უზრუნველყოფილია ფიზიკური აღზრდის საგნის სწავლებასთან დაკავშირებით შესაბამისი დამხმარე მასალების შემუშავება-გავრცელება, ესენია: 1. I-VI კლასების გზამკვლევი მასწავლებლებისთვის (2011. დაბეჭდილი), რომელშიც საუბარია სწავლა- სწავლების ძირითად პრინციპებზე (კერძოდ, ფიზიკურ განვითარებაზე, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, გაღრმავებულ სწავლებაზე, ასაკობრივ თავისებურებებზე, ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებაზე, და სხვა). დაწყებითი საფეხურისთვის შერჩეულია მრავალფეროვანი ფიზიკური ვარჯიშები და მოძრავი თამაშები სირთულისა და მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. (სრულად მისი ნახვა შესაძლებელია – http://ncp.ge/ge/curriculum? subject=42&pos1=500 ). საბაზო და საშუალო საფეხურების გზამკვლევები მასწავლებლებისთვის(2014. ელექტრონულად)- რომელიც მოიცავს 5 გზამკვლევს სპორტის შემდეგი სახეობებისთვის (ნახვა შესაძლებელია www.ncp.ge ): მძლეოსნობა, ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, რაგბი.
”გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში” (2010. დაბეჭდილი). მასში შესულია სპორტის 26 სახეობის სასწავლო პროგრამა. მომზადებული მასალები დარიგებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში (http://elibrary.emis.ge/ge/ ), ასევე ეროვნული სასწავლო გეგმების ვებპორტალზე (http://ncp.ge/ ) და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
წერილში აღნიშნულია, რომ აღდგეს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები და სპორტული სექციები.ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ სკოლაში დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ყოველთვის ტარდება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები; ამ კუთხით გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, ორი სამინისტროს თანამშრომლობით შეიცვალა საგნის სახელი და ნაცვლად სპორტისა, მას დაერქმევა ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა სპორტის ფედერაციასთან თანამშრომლობით გადამუშავდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტი. საგნობრივი პროგრამა ითვალისწინებს ასაკობრივი ჯგუფის ბიო- ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ზოგად ფიზიკურ მომზადებას და იმ საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც დაეხმარება მას მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში.
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის მთავარი საშუალება ფიზიკური ვარჯიშია, რაც I–VI კლასების საგნობრივ პროგრამაში წარმოდგენილია მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშის, მძლეოსნობის, სპორტული თამაშების (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი და სხვ.) ელემენტების სახით.
ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, ფიზიკური აღზრდისთვის განკუთვნილი კვირეული 2 საათიანი დატვირთვა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში იცვლება კვირაში 3 საათით.
ასევე გაურკვეველია, თუ რა მონაცემებს ეყრდნობა საპარლამენტო კომიტეტიფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების რაოდენობის საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ დღეს მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ნაცვლად წერილში აღნიშნული 4178 მასწავლებლისა, სულ – 10 616 (საჯარო სკოლის – 10 042, კერძო – 574) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელია (ამ ნუსხაში შედიან პედაგოგები, რომლებიც სხვა საგნებთან ერთად ასწავლიან ფიზიკურ აღზრდასაც).
მათგან უმაღლესი განათლებით არის – 6 533 (საჯარო – 6 252, კერძო – 281), პროფესიული განათლებით – 566 (საჯარო – 550, კერძო – 16) პედაგოგი, ხოლო დანარჩენს აქვს სრული ზოგადი განათლება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სექტემბრიდან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იყო განთავსებული განსახილველად.
რეკომენდაციების მისაღებად წერილობით მივმართეთ საქართველოს პარლამენტსაც, თუმცა არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია.
იმის შესახებ საუბარი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არ არის განპიროვნებული თუნდაც ერთი პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ფიზიკური აღზრდის სწავლების მდგომარეობაზე და მონიტორინგს გაუწევდა მას,რბილად რომ ვთქვათ არ შეესაბამება სიმართლეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, რომელსაც სხვა საგნობრივ ექსპერტებთან ერთად ჰყავს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტიც, რომელიც კოორდინირებას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო გეგმის განვითარებას და დანერგვის მონიტორინგს.
ასევე, სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრშიც არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი პედაგოგის სტანდარტზე და მათ გადამზადებაზე.
ამ საკითხებზე ორ სამინისტროს შორის მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმია. – წერილში აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალ წესში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი საერთოდ არ არის ნახსენები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალი წესი საერთოა ყველა საგნის მასწავლებლისთვის, მათ შორის სპორტის პედაგოგებისთვისაც.
რაც შეეხება პრეზიდენტის ბრძანებულებას N289, 2001 – შეიქმნას სუსტი ჯანმრთელობის მქონე მოსწავლეთა სპეციალური ჯგუფები, სადაც წარმატებით ხორციელდებოდა სამედიცინო ფიზკულტურულ- აღდგენითი ღონისძიებები, რომელსაც სათავეში ედგა განათლების სამინისტროს მეთოდური ცენტრი – მეთოდური გაერთიანებები, უცნაურია, თუ რას ეყრდნობა პარლამენტის კომიტეტი, ვინაიდან ასეთი გაერთიანებები ნამდვილად აღარ არსებობს 10 წელზე მეტია, დღეს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (მასწავლებლის სახლის) საგნობრივი მიმართულების ჯგუფები გეგმავენ და ზრუნავენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების განვითარებაზე, საგნის შესაძლებლობების გაზრდასა და ეფექტურობის ამაღლებაზე.
გარდა ზემოთაღნიშნული შეკითხვებისა გაცნობებთ, რომ საკომიტეტო მოსმენის დეტალური ანალიზის, ასევე დახურული სხდომის დეტალებში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს და მოითხოვა საკომიტეტო მოსმენის ოქმის, სტენოგრამული და აუდიო ჩანაწერის მოწოდება, თუმცა მათ მიერ აღნიშნული მასალა მოწოდებული არ იქნა, მიზეზად კი დოკუმენტაციის არ არსებობა დასახელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დანართის სახით წარმოგიდგენთ დეპუტატების მიერ რეალურად დასმული შეკითხვებისა (ციტირება) და ჩვენს მიერ გაცემული პასუხების ქრონოლოგიას:
დეპუტატ ელდარ კურტანიძის შეკითხვები:
1. "რატომ არ მიგაქვთ თითოეულ მოჭიდავემდე პრემირების განკარგულება?“
2014 წლის 6 იანვრის დადგენილება „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“, სამინისტროს ერთერთ მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ადრე არსებულ მსგავს პროგრამასთან შედარებით ფინანსური წახალისება 20-30%-ით გაიზარდა და ითვალისწინებს მიღწეული შედეგების მიხედვით ფულადი პრიზების დაწესებას, სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, ზოგიერთ არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენების, მწრთვნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
პროგრამამ სრულად დაფარა სპორტის როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური და სათამაშო სახეობები. ამ პროგრამით 2 წლის განმავლობაში წარმატებულ სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე და სხვა ადმინისტრაციულ პერსონალზე 10 მილიონამდე ლარი გაიცა, დაწესდა ფინანსური წახალისება ფედერაციებზეც, რაც თითოეული ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის სოლიდურ ანაზღაურებას გულისხმობს.
სამინისტროს მხრიდან ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ არაერთხელ გაჟღერდა ყველა მედიის გამოყენებით. ასევე შედგა შეხვედრა ფედერაციების მესვეურებთან, სადაც მათ განემარტათ პროგრამის არსი. თითოეულ სპორტსმენამდე განკარგულების შენაარსის მიტანა კი, ვფიქრობთ, სწორედ ფედერაციის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.
2. "ჭიდაობის ფედერაციის ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე რატომ არ მოგვეცა ფალავანთა კლუბის გარემონტების უფლება“?
სპორტული ფედერაციები ფინანსდებიან „სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის“ ასიგნებებიდან, პროგრამა ითვალისწინებს ფედერაციების მიერ გაწერილი კალენდარული გეგმის მიხედვით სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრების და შეკრებების) და ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებას სუბსიდირების გზით.
შესაბამისად, დეპუტატის მიერ სპორტული ღონისძიებების პროგრამიდან კაპიტალური ხარჯების გაწევის მოთხოვნა კომპეტენციის ნაკლებობის მაჩვენებელია, ესეც რომ არა – ადამიანისთვის, რომელიც 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ფედარაციას, ცნობილი უნდა იყოს რომ „ფალავანთა კლუბი“ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და იგი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მითუფრო სპორტულ ღონისძიებათა პროგრამიდან „ფალავანთა კლუბში“ რაიმეს სახის საერომონტო სამუშაოების განხორციელება ფედერაციის მხრიდან კანონდარღვევა და არამიზნობრივი ხარჯი იქნებოდა. გასაკვირია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი მინისტრს კანონის დარღვევას თხოვს.
3. "რატომ შეცვალა სამინისტრომ რეგულაციები სპორტსმენთა სტიპენდირებაზე?“
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 26 მარტის N01/189 ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალისა და პერსპექტიულ სპორტსმენთათვის სტიპენდიების დანიშვნასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია“, კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.
სტიპენდიის დანიშვნის ან მოხსნის საკითხს კომისია განიხილავს მხოლოდ შესაბამისი ფედერაციიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე. 2014 წელს ჭიდაობის დეფერაციის მიერ საქართველოს თასზე ნაჩვენები შედეგი გათანაბრებულ იქნა საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგთან, რამაც სპორტსმენთა უკმაყოფილება გამოიწვია. 2015 წლიდან აღნიშნული რეგულაცია გაუქმებული იქნა, რადგან ჭიდაობის ფედერაციის ახალმა ხელმძღანელობამ აღადგინა თავდაპირველი პრაქტიკა და საქართველოს ჩემპიონატს უპირატესობა მიანიჭა.
4. ჩემი პრეზიდენტობის დროს რატომ არ მომეცით საშუალება 2014 წელს განმეხორციელებინა ჭიდაობის განვითარების საკლუბო პროგრამა?
ინფორმაცია პროგრამის რეალობასთან შეუსაბამობის შესახებ: პროექტში წარმოდგენილი იყო 10 მუნიცილაპური სპორტული კლუბის დაფუძნების იდეა, რომლის საერთო ბიუჯეტი შედგენდა 2 მილიონ ლარს, პროექტის მიხედვით სამინისტროს ხელფასები უნდა გადაეხადა თითოეულ მწვრთნელისა და მოჭიდავისთვის, რომლებიც მუნიციპალური სპორტული კლუბების თანამშრომლები იყვნენ, რისი უფლებაც სამინისტროს კანონით არ აქვს.
წერილი ფედერაციის მიერ სამინისტროში შემოვიდა 2014 წლის იანვარში და ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო. კურტანიძემ მოითხოვა დამტკიცებული ბიუჯეტის გაორმაგება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. კურტანიძეს შევთავაზეთ შეუსაბამობების გამოსწორება და კომბინირებული ვერსიის შემუშავება, რათა ასაკობრივი ნაკრებები არ დარჩენილიყვნენ დაფინანსების გარეშე, რაც არ შესრულებულა.
შოთა ხაბარელი:
1. „რამდენი საშტატო ერთეული გაქვთ და რამდენი სპორტის სპეციალისტი გყავთ სამინისტროში?“
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 91 საშტატო ერთეულს. რაც შეეხება სამინისტროში „სპორტის სპეციალისტების“ ყოფნას, სპორტის პროფილის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტი, რომლის საშტატო რიცხოვნობა წარმოადგენს 14 ერთეულს და აქედან ორი თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია.
აღნიშნულ დეპარტამენტში მოცემულ ეტაპზე მუშაობს 5 დიპლომირებული სპორტის სპეციალისტი. ამასთან ავღნიშნავ, რომ ვაკანტურ პოზიციებზე დამატებითსაკვალიფიკაციომოთხოვნებში“ პირდაპირ განსაზღვრულია, რომ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი სასპორტო განათლება, ხოლო ისევე როგორც ამ თანამდებობისათვის, მოცემული დეპარტამენტის სხვა საჯარო მოხელეთათვის (მთავარი და უფროსი სპეციალისტები) სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენს სპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს წარმოადგენენ სამინისტროს აპარატი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი (კანცელარია, კადრები, ბუღალტერია, სახელმწიფო შესყიდვები, სამეურნეო და ინფრასტრუქტურის საკითხები), იურიდიული დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი და ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი.
აღნიშნული ქვედანაყოფების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროში დასაქმებული უნდა იყვნენ შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და
გამოცდილების მქონე პირები. აშკარაა რომ კითხვის ავტორი ზედაპირულადაც კი არ იცნობს სამინისტროს დებულებას.
2. რა ღონისძიებები გაატარეთ უკანონოდ გასხვისებული სპორტული ინფრასტრუქტურის უკან დაბრუნებაზე, რატომ არ გაგვეცით პასუხი წერილზე, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა?
ბატონ ხაბარელს სამინისტროს მიერ არაერთხელ აეხსნა, მათ შორის წერილობითაც ჯერ კიდევ 2013 წლის წერილით, რომ სამინისტრო არ არის საგამოძიებო უწყება, ასევე არაერთხელ აეხსნა რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ ყიდის სახელმწიფო ქონებას. ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისროს შესაბამის კომისიასთან იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი სპორტული ობიექტის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს სპორტის სამინისტროს თანხმობას.
დეპუტატის პოზიცია ფართოდ გაშუქდა მედია საშუალებებში, სადაც მან განაცხადა, რომ არ აინტერესებს ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებები. ფაქტია, რომ დეპუტატი არ იცნობს არც სპორტის სამინისტროს, არც ეკონომიკის სამინისტროს და არც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის დებულებებს, ვინაიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის სამართლობრივი საფუძვლები სწორედ საქართველოს პარლამენტს გააჩნია.
თემურ ჩხაიძე:
1. „ყველამ იცით, რომ საქართველოს პარლამენტში მოვხვდი პირდაპირ სტადიონიდან, რატომ არ ვარ ფეხბურთის კომისიაში?“
„საქართველოს ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის“ საქმიანობა მიმართულია იმ პროგრამების შემუშავებისა და ღონისძიებების განხორციელებისკენ, რომელთა პრაქტიკაში რეალიზაცია შეუძლებელია სხვადასხვა სამთავრობო უწყების კოორდინირებული მუშაობის გარეშე.
ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი თავის დროზე დასმულ იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დროს და ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის შექმნის შესახებ განკარგულების პროექტი (შესაბამისი შემადგენლობის მითითებით) ინიცირებულ იქნა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. კომისია, მისი დებულებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს მზად არის მოისმინოს ბ-ნი ჩხაიძის მიერ შემუშავებული პროექტი, თუმცა დიდი ალბათობით მას ასეთი არ გააჩნია.
ზურაბ ზვიადაური
1.რა კეთდება ქართუს მიერ გაკეთებულ ქართული ჭიდაობის ობიექტებზე და დანიშნეთ თუ არა მწვრთნელები?
2. უთხარით თუ არა სპორტსმენებს რომ დაგეგმილი იყო 5% ზრდა, ეხლა არის 2% და სპორტსმენთა პრემირების საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში?
ბატონ ზვიადაურს განემარტა, რომ სამინისტრო და მინისტრი მწვრთნელებს არ ნიშნავს, ასევე განემარტა, რომ სამინისტრო სპორტსმენთა ხელშეწყობაზეა ორიენტურებული და მისი კითხვა უბრალოდ ჭორაობაა, სამწუხაროდ სხვა პასუხი ვერ მოვძებნეთ.
თემურ ხუბულური
1. რატომ არ ინიშნება ნუგზარ სხიერელი გორში ჭიდაობის დარბაზის დირექტორად?
2. რატომ არ აშენებთ სპორტის სასახლეს გორში?
ბატონ ხუბულურს განემარტა, რომ სამინისტრო და მინისტრი დარბაზის დირექტორებს არ ნიშნავს, ასევე განემარტა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებულია ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გორში არაერთი სპორტული ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ი
ოსებ ჯაჭვლიანი:
1. "რატომ არ იყო ჟურნალისტები და ტელევიზია, როცა მკლავჭიდის წარმატების პრესკოფერენცია ჩატარდა?
მკლავჭიდში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, 2014 წლის 25 სექტემბერს მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა. მედიასთან ფედერაციის პრეზიდენტმა იოსებჯაჭვლიანმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვახტან გმუსელიანმა ისაუბრეს.
პრესკონფერენცია დაანონსებული იყო სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ. პრესკონფერენციის ვიდეოგადაღება უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ და შესაბამისი ინფორმაცია დაიგზავნა ტელევიზიებსა და სააგენტოებში.
რაც შეეხება პრესკონფერენციებზე ტელევიზიების დასწრებას, ბუნებრივია, აღნიშნულის მიზანშეწონილობას თავისი შეხედულებისამებრ წყვეტენ თავად ამ ტელევიზიების მესვეურები და სამინისტროს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი დაავალდებულოს ტელევიზიები გააშუქონ ესა თუ ის მოვლენა. ამ მხრივ რაიმე სახის პრეტენზიების წამოყენება სრულიად მიუღებელი და უსაფუძვლოა.
2. „ორ ერთნაირ შემთხვევაში რატომ მოიქეცით სხვადასხვანაირად, აკადემიის შემთხვევაში შეაჩერეთ აკადემიური საბჭოს არჩევნების შესახებ ბრძანება, ხოლო ჭიდაობის ფედერაციის შემთხვევაში არ ჩაერიეთ?“
უხერხულია ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, თუ როგორ განვასხვავოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისსაქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, როგორც ზემდგომი ორგანო, უფლებამოსილია შეაჩეროს
ამ უნივერსიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება.
ხოლო ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ შედის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სამართლებრივ დაქვემდებარებაში. ცხადია, რომ სამართლებრივი ფორმის მიხედვით ზ/აღნიშნული იურიდიული პირები წარმოადგენენ სხვადასხვა სამართლებრივ სიბრტყეში მყოფ სუბიექტებს.
გაუგებარია რომელ „ორ ერთნაირ შემთხვევაზეა“ საუბარი და აბსოლუტურად გამორიცხულია მომხდარიყო ზემოთ მითითებული „ჩარევა“ ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ცხადად ჩანს დეპუტატ ჯაჭვლიანის კომპეტენცია და საქმეში ჩახედულობა, რომელიც ამავე დროს ერთერთი ფედერაციის პრეზიდენტია.
დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის შეკითხვა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების თარიღის დასახელებას და ამ მიზნით სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა, კერძოდ, "რატომ არ მიმართა სამინისტრომ სასამართლოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, ვინაიდან მან თვითნებურად გაიგრძელა საპრეზიდენტო საქმიანობის ვადა".
ბატონ ლორთქიფანიძეს განემარტა, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს ნიშნავს ფედერაციის აღმასკომი, საკითხი რეგულირდება ფედერაციის წესდებით და ამ ეტაპზე არჩევნების ოფიციალური თარიღი გამოცხადებული არ არის.
ბატონო პრემიერო, ზემოთ აღნიშნული დეტალები არის თითქმის ზუსტი (გარკვეული კითხვების გასაჯაროებისგან სამინისტრო თავს შეიკავებს) ქრონოლოგია იმისა, თუ რა საკითხებზე დაყრდნობით შეაფასა უარყოფითადსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობა შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა.
ნათლად ჩანს, დეპუტატები ვერ ერკვევიან ელემენტარულ კანონმდებლობასა და დებულებებში. მიგვაჩნია, რომ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის შეფასების ნაწილში კომიტეტმა გარკვეულ შემთხვევებში გადაწყვეტილება არაობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში არაკომპეტენტურობის გამო მიიღო.
ვფიქრობთ, კომუნიკაციის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მომავალში გასაღრმავებელია სხადასხვა სტრატეგიული მიმართულებით პარლამენტის კომიტეტთან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის სტრატეგიულ განვითარებას" _ აღნიშნულია წერილში.