გერმანიის ქალაქ შტრალზუნდის ადმინისტრაციაში დეპუტატი მემარცხენეთა პარტიიდან, ფრანკ მიქაელ იონი, ეჭვმიტანილია ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობიდან ტუალეტის ქაღალდის ქურდობაში – ორშაბათს 23 წლის პოლიტიკოსს ქურდობის ადგილას წაასწრეს.
ქალაქის ადმინისტრაციის შენობის დამლაგებლები უკანასკნელი თვეების განმავლობაში თავს იმტვრევდნენ იმაზე ფიქრით, თუ სად იკარგებოდა ტუალეტის ქაღალდი მუდმივად. ბოლოს ისინი ქურდს ტუალეტთან ჩაუსაფრდნენ და ამხილეს იგი.
შტრალზუნდის პროკურატურამ დაადასტურა, რომ, როდესაც დეპუტატი ტუალეტიდან გამოდიოდა, მას ორი რულონი ტუალეტის ქაღალდი უპოვეს. ამავე დროს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკვე დაიკარგა 200 რულონი ტუალეტის ქაღალდი. როგორც ადგილობრივი პროკურატურის პრეს-მდივანმა რალფ ლეხტემ დააზუსტა, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, იონმა დანარჩენი 198 რულონი მოიპარა თუ ეს სხვა დეპუტატების ან მერიის მოსამსახურეების ჩადენილია.
თუ ახალგაზრდა დეპუტატ იონს დაუმტკიცდა დანაშაული, მას ემუქრება სასჯელი ჯარიმის ან, შესაძლოა, პატიმრობის სახით. ხოლო, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მერიაზე მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა, შეიძლება, სასამართლო საქმე გაუქმებულად გამოაცხადონ.