ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა. ქართველი ცენტრის „მილუოკიმ" ვერ მოახერხა საპლეიოფო სერიაში „ჩიკაგოსთან" 0:3 ჩამორჩენის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება. სერიის მე-6 შეხვედრა მილუოკელებმა შინ წააგეს და მათთვის სეზონი დასრულდა.
წაგებაცაა და წაგებაც. „მილუოკიმ" კინაღამ ანტირეკორდით დაასრულა სეზონი. ზაზა ფაჩულია 8 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. ანუ, გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, რადგან 8 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია. ეს იყო მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი, როცა „მილუოკის" წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონია. „ბაქსმა" შეხვედრა უიმედოდ – 66:120 წააგო.
ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სეზონის უკანასკნელ მატჩში ზაზას 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. მიუხედავად პლეი ოფის სერიის ბოლო მატჩში განადგურებისა, ფაჩულიამ და მისმა „მილუოკიმ" სეზონი ღირსეულად დაასრულეს. მთლიან სეზონთან ერთ მატჩს შედარება არ ეგების. ფაჩულიას გუნდმა წინა, 2013-14 წლების სეზონი ბოლო ადგილზე, ნბა-ს 30 გუნდში ყველაზე უარესი შედეგით დაასრულა, ხოლო მომდევნო, მილუოკელთათვის აწ უკვე დასრულებულ სეზონში გუნდმა პლეი ოფში გასვლა მოახერხა. ასეთი „ნახტომი" თავისებური რეკორდია, რომელიც ბოლოს, 2008 წელს „მაიამიმ" მოახერხა, როცა ჩაფლავებული წინა სეზონის შემდეგ პლეი ოფში გავიდა.