საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მისმა გადაწყვეტილებამ მთავრობას დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებაში პრობლემები შეუქმნას, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ყველა მინისტრი საქმიანობის გაგრძელების უფლებამოსილია.
"როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააკეთეს განცხადება და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ისინი არიან მინისტრები და ასრულებენ მინისტრების ფუნქციას. მეტიც, თუ დაუმტკიცებელი მინისტრებიც თურმე მინისტრები ყოფილან, რა სირთულეს წარმოადგენს პროცესის ერთი კვირით გადადება? – მესმის, რომ ხანდახან ადამიანს გინდა დააბრალო ის, რაც თვითონაც იცი, რომ სიმართლე არ არის, მაგრამ რა საჭიროა იმის მოგონება, რომ თურმე რიგის სამიტის წინ რაღაც პრობლემა მოხდა?! – ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობის პატივცემული მინისტრები არიან მინისტრები, ასრულებენ მოვალეობას და მათ არანაირი ხელის შეშლა არ აქვთ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ყველა მინისტრი არის ლეგიტიმური, ყველა მინისტრი ასრულებს თავის ვალდებულებას. მე სწორედ ეს არ მინდა, როცა დაძაბულობა არის პიკამდე და არ გვეძლევა საშუალება წყნარი, მშვიდი გადაწყვეტილებები მივიღოთ", – განაცხადა მარგველაშვილმა.