მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და კომპანია "კავკასიის გენეტიკის" დირექტორმა, თამარ ყაჭაშვილმა მოაწერეს, მეცხოველეობის დარგების განვითარების მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს.
"სანდო გენეტიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები, ევროპის ქვეყნებში აპრობირებული ხელოვნური განაყოფიერების მეთოდები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ჯიშების გამოყვანა, გადაშენების პირას მყოფი მეღორეობის დარგის განვითარება, სწორედ ამ მიმართულებებით "კავკასიის გენეტიკასთან" ერთად სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ. მუნიციპალიტეტი სოფლებზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობის განვითარებაზე ზრუნვა იქნება. ვიქნებით ცენტრალური რგოლი და სამაგალითო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც ამ პრაქტიკის დანერგვას დაიწყებს. თანხები, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჩაიდო, მიზნობრივად გაიხარჯება და თავის ლოგიკურ შედეგს მოიტანს", _ აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
კომპანიის შესახებ პრეზენტაცია "კავკასიის გენეტიკის" მარკეტინგის და პიარის მენეჯერმა სანდრო საყვარელიძემ წარმოადგინა. გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების შესახებ.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის, ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის" თანამშრომლები, საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაინტერესებული პირებისთვის კომპანია "კავკასიის გენეტიკა" მეცხოველეობის საკითხებზე კონსულტაციებსა და ტრენინგებს გამართავს.
კომპანია "კავკასიის გენეტიკა" რძის სექტორის ექსპერტებს, სელექციონერებს და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებს აერთიანებს. "კავკასიის გენეტიკა" არის ორგანიზაცია, რომელიც ფერმერულ მეურნეობებს და მეცხოველეობის დარგს ემსახურება. ის დღეისათვის, წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში, _აღნიშნეს შეხვედრის დროს.